Jump to content
Planeta.Ge

“2022 წელს რუსეთიდან იმპორტი თითქმის 80%-ით გაიზარდა“ — EPRC


ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) ინდექსი შეიმუშავა, რომელიც აჩვენებს საქართველოს ეკონომიკურ „დამოკიდებულებას“ მსოფლიოს ქვეყნების ჯგუფებზე, მათი დემოკრატიულობის მაჩვენებლის შესაბამისად.

2022 წლის მონაცემებით ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი, ჯამურად, სრული და არასრული დემოკრატიის ქვეყნებისკენ არის გადახრილი – 56,9.%-ით. აქედან სრულ დემოკრატიაზე დამოკიდებულება 30,8%-ს შეადგენს, არასრულზე კი – 26,1%-ს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გასულ წლებში ეს მონაცემები ბევრად მაღალი იყო, განსაკუთრებით კი, 2020 წელს, როცა 63,7% შეადგენდა. 2007 წელს კი ეს მაჩვენებელი, ჯამში, 62,4% იყო, სრულ დემოკრატიაზე დამოკიდებულება- 50,9%, არასრულზე – 11,5%.

EPRC-ს განცხადებით, 2022 წლის და, ზოგადად, დემოკრატიულ ქვეყნებზე უპირატესი დამოკიდებულების მაჩვენებელი ძირითადად განპირობებულია ინდექსის ორი კომპონენტის – სახელმწიფო საგარეო ვალისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინდიკატორებით, რომელთა მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკაში ძირითადი საინვესტიციო ჩადინებები, ისევე, როგორც გრძელვადიანი საბიუჯეტო და ზოგადად სახელმწიფო სესხები, სწორედ დემოკრატიული ქვეყნებიდან მოემართება, ამოძრავებს და იწვევს საქართველოს ეკონომიკის ზრდას.

ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ მონაცემებში არ არის გათვალისწინებული (ინდექსის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე) საერთაშორისო საგრანტო დახმარებები, რომელთა მოცულობაც (კონკრეტულად საბიუჯეტო გრანტების) განსახილველ პერიოდში (2007-2022 წლებში) 5,9 მლრდ ლარამდე იყო.

Untitled-design-28-1.jpg

შესაბამისად, EPRC-ის განცხადებით, რეალურად ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მიუხედავად მზარდი დამოკიდებულებისა ავტორიტარულ ქვეყნებზე, კვლავ დემოკრატიულ ქვეყნებთან თანამშრომლობით ხდება.

ამასთან, ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი აჩვენებს, რომ მკვეთრი სხვაობაა ავტორიტარულ რეჟიმებზე ეკონომიკურ დამოკიდებულებებს შორის 2007 და 2022 წლებში. კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, პირველ შემთხვევაში ეს მონაცემია 11%-ია, 2022 წელს კი – 30.9%.

„ეს ცვლილება, ერთი მხრივ, თავად ქვეყანათა დემოკრატიული სტატუსის ცვლილებამ გამოიწვია – მაგალითად, 2011 წელს რუსეთმა ჰიბრიდული რეჟიმიდან  ავტორიტარულ რეჟიმზე გადაინაცვლა, რაც 2011 წელს საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის ავტორიტარულისკენ მკვეთრ გადახრაში გამოიხატა და ეს დიაგრამაზეც კარგად ჩანს; ასევე, საქართველოს მეზობელი ქვეყნების, რომლებიც ქვეყნის მთავარი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორები არიან, დემოკრატიის მაჩვენებელი ბოლო წლებში გაუარესებულია“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მეორე მხრივ, EPRC აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად ეკონომიკურ პარტნიორთა მთავარი ათეული მკვეთრად არ შეცვლილა, იცვლებოდა ქვეყანათა პარტნიორობის წილი. განსაკუთრებით – საგარეო ვაჭრობაში და ფულადი გზავნილების შემთხვევაში.

საგარეო ვაჭრობა

ინდექსის თანახმად, 2015 წლიდან საქართველოს ვაჭრობის ვექტორი მუდმივად და სტაბილურად იხრება ავტორიტარული ქვეყნებისკენ. მათ შორის, იზრდება რუსეთის ფაქტორი, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის თვალსაზრისით, განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე (ხორბალი, ნავთობი, ბუნებრივი აირი და ა.შ.) იმპორტდამოკიდებულების კუთხით.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის მიგრაციულმა პროცესებმა, რომელიც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლით აღინიშნა, ფულად გზავნილებში განვითარებულ დემოკრატიის ქვეყნების წილის ზრდის ტენდენცია შეამცირა და კვლავ რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების სასარგებლოდ გადახარა.

Untitled-design-29-1.jpg

დამოკიდებულება რუსეთიდან იმპორტზე

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთზე იმპორტდამოკიდებულება მუდმივად იზრდება და 2022 წელს, 2007-2022 წლებისთვის, პიკს მიაღწია 14%-იანი წილით სრულ იმპორტში. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს, რუსეთიდან იმპორტი თითქმის 80 პროცენტით გაიზარდა.

„ამასთან, მნიშვნელოვანია თავად იმპორტის არა მხოლოდ მოცულობა, არამედ სტრუქტურა: 2022 წელს რუსეთიდან 622 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთოპროდუქტი შემოვიდა, რაც 2021 წელთან შედარებით წარმოადგენს 306- პროცენტიან ზრდას. ამ მონაცემით  ნავთობის და ნავთობპროდუქტების 47 პროცენტი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა, ეს მონაცემი 2021 წელს 16 პროცენტი იყო, პარალელურად შემცირდა აზერბაიჯანიდან აღნიშნული პროდუქციის იმპორტიც, 60 პროცენტით. გასულ წელს 6-ჯერ გაიზარდა რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის და ხორბლის ფქვილის მოცულობა მონეტარულ გამოსახულებაში და 66 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის თქმით, ორივე პროდუქტი საარსებოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული მათი დამოკიდებულება ისეთ ქვეყანაზე, როგორიც რუსეთია. დოკუმენტის ავტორების თქმით, საწვავის შემთხვევაში, კუმულირებული მონაცემებით, მხოლოდ აზერბაიჯანი არის უფრო მსხვილი მომწოდებელი საქართველოსთვის. ხოლო ხორბალს რაც შეეხება, კვლევითი ცენტრის თქმით, რუსეთი უპირობოდ უდიდესი იმპორტიორია და მხოლოდ მეროხარისხოვან როლს ასრულებენ ყაზახეთი და უკრაინა:

„აღსანიშნავია ისიც, რომ ხორბლის იმპორტის დინამიკამ წლების განამავლობაშიც განიცადა ცვლილება. 2010 წლის მონაცემებით საქართველოში იმპორტიებული ხორბლის უმსხვილესი მომწოდებელი ყაზახეთი იყო, თუმცა 2022 წლისთვის საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 95% რუსეთიდან შემოვიდა. გეოპოლიტიკური გარემოებების გათვალისწინებით, ასეთი დიდი ზომის დამოკიდებულება რუსულ პროდუქტზე ნეგატიური შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ რუსულ პროდუქტზე დამოკიდებულების ტენდენცია, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პირობებში, კიდევ უფრო გაიზარდა და ხორბლის და საწვავის მთავარ მომწოდებლად საქართველოსთვის კვლავ რუსეთი რჩება“, — ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება ექსპორტის გადანაწილებას ქვეყნების ჯგუფებზე, ორგანიზაციის განცხადებით, 2007-2022 წლებში, ჯამში, გადახრილია ავტორიტარული ქვეყნებისკენ.

დოკუმენტის ავტორების თქმით, ბოლო წლებში კიდევ უფრო შემცირდა სრული დემოკრატიის ქვეყნების წილი საქართველოს საექსპორტო პორტფელში, რაც, ერთი მხრივ, უშუალოდ ქვეყნიდან ექსპორტზე გატანილი პროდუქტის მოცულობის ცვლილებით არის განპირობებული, ხოლო, მეორე მხრივ – ქვეყნების ტრანზიციით სრული დემოკრატიიდან არასრულ დემოკრატიულ და ჰიბრიდულ რეჟიმებად.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020 წლიდან დემოკრატიის ხარისხის შემცირების ტენდენცია საყოველთაო გახდა, რასაც წვლილი მიუძღვის საქართველოს საექსპორტო პორტფელის ცვლილებაშიც.

Untitled-design-30-1.jpg

ორგანიზაციის განცხადებით, ეკონომიკური დამოკიდებულების შესაფასებლად გამოყენებულია ინდიკატორები: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; საქონლის ექსპორტი; საქონლის იმპორტი; საგარეო ვალი; ქვეყანაში შემომავალი ფულადი გზავნილები.

„ქვეყნები დაჯგუფებულია Economist Intelligence Unit -ის „დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით – „ავტორიტარული“, „ჰიბრიდული რეჟიმი“, „არასრული დემოკრატია“ და „სრული დემოკრატია“. ინდექსი საზოგადოებას აძლევს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გეზის უკეთ აღქმისა და გააზრების საშუალებას. ინდექსი შემუშავებულია ინოვაციური მეთოდოლოგიით ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ, USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...