Jump to content
Planeta.Ge

ერთადერთი ქართველი, ვინც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიტანა - სლავა მეტრეველი 87 წლის გახდებოდა


30 მაისი სლავა მეტრეველის დაბადების დღეა – თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მოთამაშე, 1960 წლის ევროპის ჩემპიონი 87 წლის გახდებოდა.

სლავა მეტრეველი 1936 წლის 30 მაისს სოჭში დაიბადა. 15 წლის ასაკში დაიწყო თამაში. სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი პირველად გორკის „ტორპედოში“ აიყვანეს. შემდეგ წელს კი მოსკოვის „ტორპედოში“ გადავიდა, სადაც გახდა სსრ კავშირის ჩემპიონი და ორჯერ – ვიცე-ჩემპიონი.

თბილისის „დინამოში“ 1963 წელს გადმოვიდა. უპრობლემოდ შეეწყო გუნდს და მეორე სეზონში ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული მატჩის მონაწილე გახდა, რომელშიც „დინამო“, არსებობის განმავლობაში პირველად, სსრ კავშირის ჩემპიონი გახდა. ქართული ფეხბურთის ლეგენდა „დინამოს“ ღირსებას1963-1971 წლებში იცავდა და 259 შეხვედრაში 73 გოლი გაიტანა.

1685448577-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E

საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად მოიგო ევროპის თასი (ევროპის ჩემპიონატი), გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი, მონაწილეობდა მსოფლიოს და ევროპის ორ პირველობაზე. ტექნიკურმა, სწრაფმა და გოლის ალღოს მქონე ფლანგის თავდამსხმელმა სსრ კავშირის ნაკრების სამხრეთ ამერიკაში გამართულ ტურნეს დროს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

არგენტინელებთან მეტრეველმა იმდენად კარგად ითამაშა, რომ უმდიდრესი კლუბები მზად იყვნენ, მის შესაძენად სოლიდური თანხები გაეღოთ. სპრინტერული სისწრაფისა და უმაღლესი ინდივიდუალური ტექნიკის მქონე ფორვარდი ათწლეულის განმავლობაში საბჭოთა ფეხბურთის უძლიერეს მარჯვენა გარემარბად რჩებოდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის „დინამოს“ ინტერესებიდან გამომდინარე, იგი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გადაიყვანეს, მეტრეველმა თავი აქაც კარგად გამოავლინა.

კარიერის დასრულების შემდეგ სლავა მეტრეველი თბილისის „დინამოს“ მწვრთნელად მუშაობდა. გამორჩეული სპორტული მიღწევებისათვის სსრ კავშირის დამსახურებული ოსტატისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა, ხოლო 1996 წელს ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის მთავრობის განკარგულებით ღირსების ორდენი გადაეცა.

1685448483-%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%90%E

სანაკრებო კარიერა

სლავა მეტრეველმა 1958–1966 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრებში 48 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. 1960 წლის 10 ივლისს „პარკ დე ფრანსზე“, ევროპის თასის პირველი გათამაშების ფინალში იუგოსლავიის ნაკრებს 49-ე წუთზე გაუტანა, ანგარიში გაათანაბრა და თამაშში გარდატეხა შეიტანა. საბჭოთა ნაკრებმა დამატებით დროში, 113-ე წუთზე მიხეილ მესხის გადაცემის შედეგად ვიქტორ პონედელნიკის მიერ გატანილი გოლით 2:1 მოიგო და ევროპის თასს დაეუფლა. მეტრეველი ამ ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს და დღემდე ერთადერთი ქართველი მოთამაშეა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა.

1685448456-%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%90%E

მიღწევები:

საკლუბო

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1960, 1964

საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი: 1957, 1961

საბჭოთა კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი: 1967, 1969, 1971

საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი: 1960

სანაკრებო, საბჭოთა კავშირის ნაკრები

ევროპის ჩემპიონი: 1960

ევროპის ვიცე-ჩემპიონი: 1964

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1966

ინდივიდუალური

ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1960

საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი: 1964

საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრი „სარბიელის“ ვერსიით (1999)

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...