Jump to content
Planeta.Ge

„როგორ შევეჩვიე სირენებს“ — რეპორტაჟი კიევიდან


მაისის ბოლო კვირას უკრაინაში კიევის დაარსებას აღნიშნავენ — მეორე წელია, ომის პირობებში და მოკრძალებულად. რუსეთმა სწორედ კიევის დღეს მიიტანა მორიგი მასიური საჰაერო იერიში უკრაინის დედაქალაქზე. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. როგორ ცხოვრობს კიევი მუდმივი საჰაერო განგაშის პირობებში, ნახეთ „ნეტგაზეთის“ რეპორტაჟში უკრაინის დედაქალაქიდან.

კიევის ოპერამ ერთი წელია განაახლა ფუნქციონირება ომით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ. თავიდან კვირაში 2 სპექტაკლს ატარებდა, დასის წევრების ევაკუაციიდან დაბრუნების შემდეგ კი — სამს. თეატრი 1 300-ზე მეტ მაყურებელს იტევს, თუმცა ახლა, უსაფრთხო ევაკუაციის მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მოთხოვნით, გაყიდვაში მხოლოდ 450 ცალი ბილეთი გამოდის. თუ წარმოდგენის დროს საჰაერო განგაშის სიგნალები ჩაირთო, მაყურებლებს თეატრის გასახდელში მოწყობილ თავშესაფარში ეპატიჟებიან. საჰაერო თავდასხმის საფრთხის გადავლის შემდეგ წარმოდგენა ზუსტად იმ მონაკვეთიდან გრძელდება, სადაც შეწყდა. თუმცა ზოგჯერ სპექტაკლის გაგრძელებას უბრალოდ აზრი არ აქვს — ერთხელ სირენები „ტრავიატას“ დასრულებამდე 3 წუთით ადრე ჩაირთო.

„იმ დღეს ვიოლეტა არ მომკვდარა“, – იხსენებს ლუდმილა მოვლენკო, უკრაინის ეროვნული ოპერის წარმომადგენელი.

Untitled-design-25-2.jpg

„კარმენი“, კიევის ოპერა, 04/2023. ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც რუსეთმა დაახლოებით 100 000 სამხედრო მიაყენა უკრაინის საზღვარს და ყველაფერი მოასწავებდა ომის დაწყებას, ძალიან ცოტას თუ წარმოედგინა, რომ რუსული არმია აღმოსავლეთ უკრაინას გასცდებოდა და კიევის აღებას შეეცდებოდა. დედაქალაქის ალყის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის და ჩერნიგოვის ოლქებიდან უკან დაიხიეს, თუმცა დღემდე აგრძელებენ საჰაერო თავდასხმებს. რუსულ რაკეტებს და ირანულ დრონებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები მეტწილად წარმატებით უმკლავდება. კიევიც, მუდმივი განგაშის სირენებით და კომენდანტის საათით, თუმცა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა.

Untitled-design-3-6.jpg

კიევი, უკრაინა. 04/2023. ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

„თავიდან ყველაფერი დაკეტილი იყო. არც კინოთეატრები მუშაობდა, არც კლუბები… როცა კიევის ოლქზე სრულმასშტაბიანი შეტევის საფრთხე შემცირდა, ცხოვრებამ დაიწყო დაბრუნება. დაბრუნდნენ ქარხნები, დაწესებულებები, ორგანიზაციები… როგორც ჩვენი პრეზიდენტი ამბობს, ეკონომიკა უნდა ავამუშაოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად მძიმე სიტუაციისა უკრაინის აღმოსავლეთში, აქ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად, რომ დავეხმაროთ ფრონტის ხაზზე“, — ამბობს 21 წლის სოფია კიევიდან.

Untitled-design-9-3.jpg

“კლიჩკოს ხიდი“, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში რუსეთის სარაკეტო დარტყმის სამიზნე გახდა. ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

კიევის მცხოვრებლები ჰყვებიან, თუ როგორ შეიცვალა გასულ ერთ წელიწადში მათი ყოველდღიურობა — შეეჩვივნენ საჰაერო განგაშს იმდენად, რომ სირენების გაგონებისას ყოველ ჯერზე თავშესაფარში აღარც ჩადიან; თუმცა ვერ შეეჩვივნენ უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლს; ომმა გააძლიერათ, გააღრმავა მათი სიყვარული სიცოცხლისა და სამშობლოსადმი; გაწყვიტეს კავშირები რუს ნათესავებთან და ამბობენ, რომ მათ ვერასდროს აპატიებენ.

კრისტინა კისელოვაიტე, მსახიობი და არტ-მენეჯერი:

„ცხოვრება კიევში შესანიშნავია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ცოცხალი ვარ. შემიძლია ჩემს მეგობართან ერთად პარკში ვისეირნო, მაქვს სპექტაკლები თეატრში… ჩვენ ახლა უკვე ვიცით სიცოცხლის ფასი და ვცხოვრობთ ისე, თითქოს დღევანდელი დღე უკანასკნელია. ომმა ჩემი ყოველდღიურობა შეცვალა — აღარ შემიძლია რამის დაგეგმვა, რადგან არ ვიცი, ხვალ რუსეთი ისევ დაბომბავს ჩვენს ქალაქს თუ — არა. როცა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, სირენებს ყურადღებას არ ვაქცევ. თითქოს, ჩემი ინტუიციის მჯერა. დედაჩემი და ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი შეიძლება, ღამით ჩადიოდნენ მეტროს თავშესაფარში. მაგრამ ძალიან რთულია ყოველდღე, ზოგჯერ დღეში სამჯერ, თავშესაფარში ჩასვლა. ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიცხოვროთ. მინდა, ღამე დავიძინო. არ არის სწორი, რასაც ვამბობ, მაგრამ ეს სიმართლეა. ვიცი, რომ ევროპა, სხვა ქვეყნები დაიღალნენ ჩვენი ომით, ახალი ამბებით უკრაინაზე და დახმარებით… ჩვენც დავიღალეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ომი დამთავრებულია. და თუ დღეს ყველა გააკეთებს რაღაცას აგრესიის შესაჩერებლად, შეიძლება, ჩვენი перемога-ს [გამარჯვება] — ყველამ იცის ეს სიტყვა — უფრო მალე დადგეს“.

ანატოლი ტარჩენკო, კიევის მკვიდრი:

„ქალაქი აღარ არის ძველებურად სადღესასწაულო. ყველა თავშეკავებულია… საუბარში, ურთიერთობაში… ომს თავისი შედეგები აქვს. მუდმივად მატულობს პროდუქტების და მედიკამენტების ფასი. ეს ყველაფერი გვაქვს. მუშაობს აბსოლუტურად ყველა დაწესებულება. მაგრამ ომს მიაქვს არაერთი სიცოცხლე, იხოცებიან ბავშვები, ქალები, ახალგაზრდა ბიჭები… იმ დღეს, როცა ჩვენი გარდაცვლილი ჯარისკაცების მემორიალურ სტელას ჩავუვლი, ვეღარ ვიძინებ. რამდენი ადამიანი დაიღუპა ვიღაც ზომბირებული იდიოტის გამო, რომელიც კრემლში ზის… ვფიქრობ, 3-4 თაობა უნდა შეიცვალოს, რომ რუსებთან ურთიერთობების დაბრუნება შესაძლებელი გახდეს. ძალიან ღრმაა ჭრილობა, რომელიც ამ იდიოტმა უკრაინელ ხალხს მოუტანა. მადლობა ღმერთს, არ მყავს ნათესავები რუსეთში, მაგრამ მყავს ნაცნობები. მათთან ურთიერთობა გავწყვიტე, რადგან მხარს უჭერდნენ პუტინს მის ველურ საომარ მოქმედებებში. რა გვჭირდება საერთაშორისო საზოგადოებისგან? — იარაღი, იარაღი და იარაღი. ასევე, მედიკამენტები და თუ შესაძლებელია, ჩვენი ჯარისკაცების მკურნალობა საზღვარგარეთ, სადაც თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებია. დანარჩენი, უკრაინა თავისი შრომით გაიტანს თავს“.

სოფია, 21 წლის:

„ომმა პირველ რიგში შეგვცვალა ჩვენ — ყველანი მოულოდნელად გავიზარდეთ ამ ერთი წლის განმავლობაში. გავიგეთ, რა არის ომი. საკუთარ თავზე გამოვცადეთ, როგორი ნგრევა და უბედურება შეიძლება მოიტანოს. უფრო მედგარი და თავდაჯერებულები გავხდით.  ჩემს ოჯახთან ერთად თავდაპირველად გავემგზავრე კიევიდან, თუმცა ქვეყანა არ დაგვიტოვებია. შემდეგ დავბრუნდი კიევში. სირენების და რაკეტების ხმებზე თავიდან ძალიან გვეშინოდა. ახლაც გვეშინია. მაგრამ, ასე თუ ისე, ამას [სირენებს] შევეჩვიეთ. ერთი წელი გავიდა, ადამიანი შენდაუნებურად რაღაცას ეჩვევი… ძალიან რთულია საუბარი, რადგან ყველას განსხვავებული მოგონებები აქვს. ყველა ადამიანი, ასე თუ ისე, დაკავშირებულია ამ ომთან. რუსებთან ურთიერთობა არ მსურს. სამწუხაროდ, მყავს ნათესავებიც რუსეთში, რომლებთანაც ყველანაირი კავშირები გავწყვიტეთ. მათ არ ესმით, როცა რამეს უხსნიან. ცხოვრობენ თავიანთ ვიწრო სამყაროში. დაე, იცხოვრონ. შეუძლებელია ძველი ურთიერთობების დაბრუნება. მე საერთოდ ვერ ვიზიარებ იმ მოსაზრების, რომ რუსები და უკრაინელები ძმები არიან. არ არიან. სხვადასხვა ხალხია, სხვადასხვა კულტურით. შერიგება შეუძლებელია“.

საშა, 35 წლის:

„მე დონეცკიდან ვარ. დონბასში ომი უფრო ადრე [2014 წელს] დაიწყო. ჯერ — ოდესაში, შემდეგ კი კიევში გადმოვედი საცხოვრებლად. ვსწავლობდი ხარკოვშიც. ჩემი ქვეყნის ბევრ რაიონულ ცენტრში ვყოფილვარ და თავისებურად ყველა მიყვარს. მაგრამ კიევი განსაკუთრებულია. ომამდე მე ის მიყვარდა, მაგრამ არასწორი დამოკიდებულება მქონდა. ყველაფერი მეცოტავებოდა. ვფიქრობდი, რომ ცუდია აქ. იმის შემდეგ, რაც მოხდა, ვაცნობიერებ, რამდენად შესანიშნავია ჩვენი ქვეყანა. როგორი ძლიერი, კეთილი, გულისხმიერი ადამიანები არიან აქ. ჩვენ ყველამ ვისწავლეთ, ახალი ძალით გვიყვარდეს უკრაინა, ჩვენი ქალაქი, ახლობლები და თანამემამულეები. ცხოვრება გახდა რთული, მაგრამ ადამიანები გაძლიერდნენ. განწყობას რაც შეეხება — ხან კარგ ხასიათზე ხარ, როცა რაკეტები არსად ეცემა და ადამიანები არ იღუპებიან. დღეები, როცა ადამიანები იღუპებიან, ბევრად რთულია. თანაუგრძნობ და განიცდი… აღარაფერი იქნება უწინდებურად. უამრავ ადამიანს, ადრინდელისგან განსხვავებით, აღარ ეყოლება ახლობლები, აღარ ექნება სახლი — ადგილი, სადაც შეიძლება დაბრუნდეს და ყველაფერი უწინდებურად იყოს“.

ქვიშის ტომრებით შეფუთული კულტურული ძეგლების ფონზე, კიევის ქუჩებში ახლა მთავარი სანახაობა დამწვარი რუსული ტანკებია. კედლებზე გაკეთებული წარწერები, გრაფიტები თუ პლაკატები ომის დამთავრებისკენ და ჯარისკაცების ცოცხლად დაბრუნებისკენ მოუწოდებს. მათი დიდი ნაწილი მარიუპოლს ეძღვნება.

Untitled-design-20-2.jpg

განადგურებული რუსული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის გამოფენა კიევში, წმინდა მიქაელის მოედანზე. ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

პუტინის ჰააგაში გასამართლებას „წინასწარმეტყველებს“ ხრეშჩატიკზე გამოფენილი ბანერი და ინსტალაცია.

Untitled-design-1-4.jpg

გისოსები და პლაკატი-მარკა ხრეშჩატიკზე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე. პოსტერზე გამოსახულია პატიმრის უნიფორმაში ჩაცმული ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინელი გენერალი ვალერი ზალუჟნი ჰააგის სასამართლოში წარადგენს. ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

Untitled-design-11-4.jpg

„გმირები არ კვდებიან“ — პლაკატი კიევში. ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

რუსეთის შეჭრის შემთხვევაში კიევს 3 დღეში დაცემას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა უკრაინული წინააღმდეგობა 459 დღეა გრძელდება. უკრაინელმა ხალხმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე თვითორგანიზების შესაშური მაგალითები აჩვენა. მაგალითად, ფონდმა „დაბრუნდი ცოცხალი“, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალების დასახმარებლად 7 მილიარდ გრივნაზე მეტი შეაგროვა. და ეს მხოლოდ ერთ-ერთია ასობით არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, რომლებიც ხალხისგან შემოწირულობას აგროვებენ.

Untitled-design-8-3.jpg

„დააბრუნეთ ჩვენი 1700 ბირთვული ბომბი ახლავე“ — წარწერა ეხმიანება ბუდაპეშტის მემორანდუმით გათვალისწინებულ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლის სანაცვლოდაც უკრაინამ დათმო მსოფლიოს სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი. ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

საქველმოქმედო ორგანიზაციები ჯარისთვის დრონებს და აღჭურვილობას ყიდულობენ. ფონდის „დაბრუნდი ცოცხალი“ წარმომადგენელი მაქსიმ ლემანსკი იხსენებს, რომ კომპანია „ბაირახტარში” თავდაპირველად „შოკში ჩავარდნენ“, როცა დრონების შესასყიდად უკრაინიდან საქველმოქმედო ორგანიზაციებმა მიმართეს — ვერ გაეგოთ, როგორ შეიძლება ენჯეო ყოფილიყო იარაღის შემსყიდველი არმიისთვის. შეთანხმების მიღწევას რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები დასჭირდა.

Untitled-design-8-3.jpg

„დააბრუნეთ ჩვენი 1700 ბირთვული ბომბი ახლავე“ — წარწერა ეხმიანება ბუდაპეშტის მემორანდუმით გათვალისწინებულ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლის სანაცვლოდაც უკრაინამ დათმო მსოფლიოს სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი. ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

Untitled-design-13-4.jpg

„პრიტულას ფონდმა“ 15 000 დოლარი შეაგროვა სამი Bayraktar-ის შესაძენად, თურქულმა კომპანიამ ისინი უფასოდ გადასცა. დაზოგილი თანხით საქველმოქმედო ორგანიზაციამ შეიარაღებული ძალებისთვის ICEYE-ის თანამგზავრი შეიძინა.

თუმცა შიდა შემოწირულებები ომის პირველ პერიოდთან შედარებით კლებადია — თუ 2022 წლის მარტში Come back alive-მა მილიარდი გრივნა შეაგროვა, ახლა თვეში მხოლოდ 300 000 გრივნას აგროვებს, ამიტომ რიგითი მოქალაქეებიდან ფოკუსის გადატანას მსხვილ ბიზნესზე გეგმავს.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შექმნილმა საქველმოქმედო პლატფორმა „უკრაინა 24-მა“ ამ დრომდე 340 784 756 დოლარის მოზიდვა შეძლო.

ამ და საერთაშორისო დონორების თანხების რეკონსტრუქციაზე მიმართვას შეცდომად მიიჩნევს ლიუბა შიპოვიჩი, Dignitas Foundation-ის წარმომადგენელი და ამბობს, რომ რეკონსტრუქციამდე უკრაინას ომი აქვს მოსაგები და საჭიროა უფრო მეტი რესურსის მობილიზება ბრძოლის გასაგრძელებლად.

„ვფიქრობ, მსოფლიო უკრაინის მთავრობის პროპაგანდის გავლენის ქვეშაა, თითქოს ომს ვიგებთ. ეს პროპაგანდა კარგია ჩვენი ჯარისკაცების სულისკვეთების ასამაღლებლად, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ — რუსეთს მობილიზაციის მეტი რესურსი აქვს“, — ამბობს იგი.

„ჩვენ ვერ წავაგებთ ამ ომს“, — ალტერნატივის არქონაზე უთითებს ფონდის „დაბრუნდი ცოცხალი“ წარმომადგენელი მაქსიმ ლემანსკი.

Untitled-design-36.jpg

უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი (ყოფილი „ხალხთა მეგობრობის თაღი“). 2022 წლის აპრილში კიევის მთავრობამ დემონტაჟი განახორციელა თაღის ქვეშ მდებარე ორი მუშის ქანდაკებისა, რომელიც უკრაინელი და რუსი ხალხების მეგობრობის სიმბოლოს განასახიერებდა. ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

უკრაინული საზოგადოება თავის არჩევანში — დაიცვას სუვერენიტეტი, ევროპული მომავალი და საბოლოოდ დაშორდეს კრემლს — გაცილებით უფრო ცალსახა და ერთიანია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ვიდრე თუნდაც 2014 წლიდან დონბასში მიმდინარე ომის მიმართ.

„რუსეთმა დაიწყო ეს ომი, მაგრამ ჩვენი არჩევანი იყო, ბრძოლითვე გვეპასუხა. ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ომი ისე, რომ არ დავნებდეთ. თუ არ ვიბრძოლებთ, დავკარგავთ ქვეყანას. და ეს არ ეხება მხოლოდ სახელმწიფოებრიობას. ესაა ბრძოლა ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის, ადამიანის სიცოცხლისთვის. ჩვენ ვერჩით რუსეთის არმიას, მაგრამ რუსეთის არმია არ ებრძვის მხოლოდ უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს — ისინი ებრძვიან მთელ უკრაინას“, — ამბობს არტემ დენისოვი, უკრაინის ვეტერანთა ჰაბის დირექტორი.

Untitled-design-12-2.jpg

უკრაინელი ლტოლვილების სამარშრუტო გზა —რკინიგზის სადგური ჩელმში, პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში. ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

Untitled-design-16-3.jpg

ბრიტანელი არტისტის ბენკსის გრაფიტი კიევის ცენტრში. ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი


ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...