Jump to content
Planeta.Ge

„თბილისი-ნიუ-იორკის რეისი რომის გავლით შესრულდება“ - „საქართველოს მთავრობისგან ვერ მივიღეთ მზაობა, დაეკმაყოფილებინა სტანდარტი“


ქართულ ავიაკომპანია „ეარ ჯორჯიას“ ტრანსკონტინენტალური ფრენები აშშ-ს მიმართულებით ჯერ კიდევ, 2021 წლის აგვისტოში უნდა დაეწყო, თუმცა ბიუროკრატიული პროცედურების გამო, გაურკვეველი ვადით არაერთხელ გადაიდო.

კომპანიის დამფუძნებელი გიორგი კოდუა დღეს „ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლების სათანადო ნების არგამოჩენის გამო, იძულებული გახდა სხვა ხერხი ეპოვა და საქართველოდან-აშშ-ში ფრენებს იტალიის გავლით ყველაზე გვიან წლის ბოლოს დაიწყებს.

„ჩვენ საქართველოს მთავრობისგან ვერ მივიღეთ მზაობა, დაეკმაყოფილებინა სტანდარტი ტრანსკონტინენტალური ფრენების შესასრულებლად. ამბობენ, რომ დრო სჭირდებათ - 1-2 წელიწადი. ამის შემდეგ, ვიპოვე გამოსავალი და თბილისი- ნიუ-იორკის რეისის განხორციელება გადავწყვიტე რომის გავლით, რადგან ევროპის კონტინენტზე ფრენის უფლება გვაქვს. რომში „აერო იტალიასთან" უკვე მაქვს კონტრაქტი. პირველ ეტაპზე დავიწყებთ ფრენებს, რომი-ნიუ-იორკი და შემდეგ, თუ ოდესმე ჩვენი მთავრობა დააკმაყოფილებს სტანდარტებს, მარშრუტი პირდაპირი იქნება. ხელშეკრულება ბოლო ეტაპზეა და ყველაზე გვიან, ეს რეისი 6 თვეში ჩაეშვება. ასე რომ, თბილისი-ნიუ-იორკის რეისი რომის გავლით შესრულდება.

 

იმის გამო, რომ თავიდან პირობა არსებობდა, რომ გასულ წელსვე მოხდებოდა აშშ-ში ფრენის უფლების მოპოვება, თვითმფრინავიც კი მყავდა ჩამოყვანილი, რომლის უკან ევროპაში დაბრუნება და სხვა რეისებზე ჩასმა მომიწია", - განაცხადა კოდუამ „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა, თამარ არჩუაძემ გასული წლის შემოდგომაზე განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნა უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

"აშშ-ში ფრენების დაწყება საკმაოდ კომპლექსური საკითხია. ამისთვის მზად უნდა იყოს არა მხოლოდ ავიაკომპანია, არამედ მთლიანად ქვეყანაც. უნდა ჩატარდეს აშშ-ს საავიაციო ხელისუფლების საერთაშორისო აუდიტი. შესაბამისად, ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი და ამ ეტაპზე ეს პროცესი არ დაწყებულა", - აცხადებდა არჩვაძე 2022 წლის ოქტომბერში.

 

 
tamar-mukbaniani-1600691867.jpg
ავტორი:
თამარ მუკბანიანი

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...