პრეზიდენტი - ყველა ქართველს აქვს უფლება, მოქალაქეობა დაიბრუნოს - ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს ვინ იყო შუშანიკის დედა, ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, „ოჰ, ქართველია თურმე“
მიმაჩნია, რომ წარმოშობით ყველა ქართველს აქვს უფლება, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად შეძლო თავის დიასპორასთან ურთიერთობა და მისი გაძლიერება, ისრაელია.
„აგერ იყო ნათქვამი, რომ ერთი მილიონი [ქართველი] არის რუსეთში, აღარ არის ერთი მილიონი რუსეთში, ეს კარგად ვიცით. დაახლოებით, ნახევარი მილიონი თუ არის და ისინიც ნახევრად ქართველები და ნახევრად რუსები. მაგრამ დათვლა ძალიან რთულია იმიტომ, რომ დათვლილი არალეგალები არ არიან არსად. მაგრამ დანარჩენ მსოფლიოში, ალბათ მილიონს უახლოვდება და ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ მათთან შევინარჩუნოთ ყველანაირი კავშირი და არ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეები თუ თანამემამულეები. ამის ერთი მაგალითი მსოფლიოში, რომელმაც ძალიან კარგად შეძლო თავის დიასპორასთან ურთიერთობა და მისი გაძლიერება, როგორც თავის თავის გაძლიერება, არის ისრაელი. ისრაელს აქვს ამ მხრივ ძალიან ბევრი ჩვენთვის სასწავლებელი, რომ ჩვენ მივყვეთ ამ გზას და ამითი ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი დიასპორა, ე.ი. ჩვენი თავი იმიტომ, რომ ეს არის კავშირი იმ ყველა ქვეყანასთან, რომელსაც გვინდა, რომ დავემსგავსოთ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ქართული დიასპორის წარმატებული ფიგურები, ისევე როგორც ნაკლებად ცნობილები, ყველა საქართველოს წარმომადგენელია უცხო ქვეყნებში.
ზურაბიშვილის თქმით, მისი წვლილიცაა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ორმაგი მოქალაქეობა არსებობს.
„მათი ერთად ყოფნა ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის პირველი არის მოქალაქეობა და აქ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ არ შეიძლება გაგრძელდეს, როგორც გრძელდება კომისიის მუშაობა. მივაღწიეთ იმას და ამაში მე ჩემი წვლილი მქონდა, მაგრამ არამხოლოდ ყველას მიღწევა არის ის, რომ ორმაგი მოქალაქეობა არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ არ უნდა იყოს ის, რომ პრაქტიკა ხელს უშლის ამ კანონმდებლობის შესრულებას. ჩვენ არ უნდა ვიგონებდეთ რაღაც მიზეზებს, ვიღაცას რატომ არ ვაძლევთ მოქალაქეობას.
„არ ჩამოსულა ქვეყანაში დიდი ხანიაო“, „არა აქვს რაღაცა კავშირები ქვეყანასთანო“, ყველა ქართველი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ დაიბრუნოს, აღიდგინოს ან მივანიჭოთ იმიტომ, რომ არ ჰქონია [მოქალაქეობა], აქვს [ამის] უფლება. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ, რომ მას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს, არა აქვს მნიშვნელობა, ის ჩამოვიდა ქვეყანაში, რამდენჯერ ჩამოვიდა, აქ ფლობს რამე ქონებას თუ არ ფლობს, ეს ხომ არ წერია კანონმდებლობაში, რომ ეს კრიტერიუმები უნდა იყოს გამოყენებული?! რატომ იგონებს ვიღაცა ჩინოვნიკი კომისიაში რა უნდა იყოს ახლი დამატებითი კრიტერიუმები. მე მიმაჩნია და ამას ჩემი წარმომადგენლები კომისიაში ბოლომდე მიყვებიან, რომ წარმოშობით ყველა ქართველს, მათ შვილებს, ყველას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. სამწუხაროდ, არის რაღაც ტესტები, სამი წელია იუსტიციის სამინისტროსთან გვაქვს გაუთავებელი მოლაპარაკებები, გავამარტივოთ, ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს ვინ იყო შუშანიკის დედა. ნუ ვეკითხებით! ნუთუ არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანები ხვალ იყვნენ ქართველები?! ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, „ოჰ, ქართველია თურმე“. ახლა უნდა ჩვენ მათ მივაწვდინოთ ეს ხელი, რომ, მოდით, იყავით ქართველი, იყავით ინგლისელი, გერმანელი, ამერიკელი, რუსი, რაც გინდათ, მაგრამ იყავით ასევე ქართველი, იმიტომ, რომ ეს ბმა, რაც გაქვთ ჩვენთან, არის ჩვენთვის, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან აუცილებელი. ამიტომ იმის მაგივრად, რომ ფრენებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივცეთ მოქალაქეობა. ეს არის მათი პირველი მოთხოვნა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს არ აქვს უფლება, რომ დიასპორაში მყოფი ხალხი დაკარგოს.
„აქ მაქვს მთელი სია, 15 მაისიდან დღემდე, რაც გავიდა კომისიაში რუსეთიდან მოთხოვნები მოქალაქეობის, მე პირადად, სადაც არის რამე უსაფრთხოების კითხვა, იქ ჩემი წარმომადგენელი არ აძლევს ხმას. მაგრამ თუ არ არის უსაფრთხოებიდან რამე კითხვა, რომ ვთქვათ, სამხედრო თანამდებობა ეკავა ან რაღაც უსაფრთხოების კუთხით შეიძლება იყოს კითხვის ნიშანი, იმათ არა, დანარჩენებს ყველას. იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვენი შვილები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ. არ მაინტერესებს რუსეთში თუ ამერიკაში ცხოვრობდნენ და ვერ თუ არ ჩამოდიოდნენ, მთავარი არის, რომ ამ ქვეყანას არ აქვს უფლება, რომ ეს ხალხი დაკარგოს. და სხვათა შორის, არცერთ ქვეყანას არა აქვს ამის უფლება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის პატარა ქვეყნისთვის. აბა, რისთვის ჩვენ მერე რაღაც ცეკვა-თამაშებისთვის იქ რაღაც თანხებს ვუგზავნით, ეს არ არის დაცვა დიასპორის. ეს არ არის დახმარება დიასპორის. დახმარება არის, რომ ჩავთვალოთ ისინი როგორც ჩვენიანები და კიდევ ერთხელ ისრაელი არის ამის მაგალითი. ავტომატურად უბრუნებენ [მოქალაქეობას] თუ ადამიანი ამტკიცებს, რომ წარმოშობით ებრაელია. ჩვენ რაღა გვიჭირს, რისი გვეშინია?! არ ვიცი, ჩვენების რატომ უნდა გვეშინოდეს?!“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მეორე რაც უნდა გაკეთდეს დიასპორისთვის არის, რომ „ჩვენ მათ მივცეთ, არამხოლოდ მოქალაქეობა, მაგრამ მოქალაქეობასთან ერთად განცდა, რომ ისინი მონაწილეობენ ქვეყნის ყველაფერში“.
„ჩართულები არიან და არამხოლოდ იმიტომ, რომ გვიგზავნიან ტრანსფერებს და ამით ამდიდრებენ ბიუჯეტს ან თავიანთ ოჯახებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი წვლილი აქვთ ამას ჩვენ განვითარებაში, რომელსაც არ ვაღიარებთ ხშირად. მაგრამ მთავარი არის, რომ მათ იგრძნონ, რომ აქვთ რაღაც როლი ამ ქვეყანაში, ეს იქნება პოლიტიკური, ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური, განათლებაში, რომ ჩამოვიდნენ, დაგვეხმარონ. ექიმები გვყავს მთელ მსოფლიოში, ყველანი წარმატებული. ჩვენ აქ არ ვუხსნით გზას, რომ მაინცდამაინც ჩამოვიდნენ და დაგვეხმარონ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
palitranews
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.