Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

ის აქ არის!...ანუ "იოანე გაღლეტილის" მოციქულის გამოცხადება "მარშუტკაში"


katya

2.242 views

blog-0501213001370013779.jpgდღეს, დღისით–მზისით, შუაგულ ევროპაში, ანუ გაგანია თბილისში, ისეთი "ნეილონის ნაძვის ხე" მოვიწყვე, თვითონ გამიკვირდა, საკუთარი თავის,ყველანაირი ადამიანების უფლებათა დამცველი რომ ვარ მოწოდებით, მაგიტომ...

დღეს ყვითელ მიკროავტობუსში, დიდუბის ტერიტორიაზე ვიღაც ტიპი შემოგვიერთდა, მერე მივაქციე ყურადღება, მძღოლს რომ "შპილკაობა" დაუწყო – რა დღეში ხარ, თავი ვინ გგონია, მარშუტკის შოფერი ხარ, ბოლო–ბოლოო.

როგორც მივხვდი, მძღოლს შენიშვნა მიუცია, კართან ნუ დგახარ, სარკეს ვერ ვაკონტროლებო და შეურაცხყოფად მიიღო ამან. ბევრი ილაყბა თუ ცოტა იბოდიალა გადაჭდილ ტრანსპორტში და ეხახუნა ქალებს თავის ღიპით, ბოლოს ჩემს უკანა სავარძელში აღმოჩნდა, რაც ძალიანაც არ მეამა, ვერ ვიტან მენიუს, სიგარეტის და ალკოჰოლის სუნით აქოთებულ დაუბანელ კაცებს. ( მაგას როგორღაც გადავიტანდი, ჩუმად რომ ყოფილიყო, მაგრამ წერა რომ აიტანს რაააა...)))

ხოდა, ამ ტიპმა გამოგვიცხადა ცოტა არეულად დალაგებული ტექსტით, რომ –ახლა, არ უნდა ბევრი ლაი–ლაი, ყველანი აქედან მივდივართ ჩვენების, ანუ ნაციონალურ ამბავში! სიყვარულში და გაგებაშიო!. ყველას სახეზე გაწერიათ,ჩვენიანები ხართ, აბა რა გინდათ ისე აქო...

პირველი რეაქცია ის იყო, რომ სარკე დავაძვრე და ჩავიხედე. იგივე სახე მიყურებდა, თითქოს, რა ვიცი. მე "მისიანობის" ვერაფერი შევატყვე საკუთარ ცხვირ–პირს. ამასობაში ტრანსპორტის შემადგენლობის გამოცოცხლება აშკარად შესამჩნევი გახდა. ერთი ქალბატონი ღიმილით დაეთანხმა ახლადმოკერებულ იარლიყს, ვიღაცამ – ვაი შენს პატრონსო! მიაძახა და ამან გაიგონა!..

აი იქ დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო!?

– ვანო არის კაცი! გამოქანდით და დაასკდით ყველა, ვისაც მაგის სიტყვა არ მოგწონთ. კაცი სიტყვის თქმას ვერ ასწრებდა, საქმე უკვე გაკეთებული იყო. აბა ისაა კაცი და საქმია გამკეთებელი – სირისტიანი კოლბაში?

ვანოს ციხეში ვინ გააჩერებს , გამოვა და ნახავთ რეებს იზამს!

ამ ტიპის ქადაგება უკმაყოფილო შორისდებულების ფონზე კი მიმდინარეობდა, მაგრამ, რა?

მე მხოლოდ ბოლთის ცემა დავიწყე თითებით, დამენანა საკუთარი პერსონა ამ ტიპთან სადებატოდ. მაგრამ ცნობისმოყვარეობამ ისევ დამღუპა.

ვერ მოვითმინე და სრული თაბეჭდილებისთვის და შეგრძნებებისთვის მისკენ გავიჭყიტე, სკემებს შუა. სანახაობა – დიდი არაფერი, პირიქით, ერთი ლოქოსავით მაისურზე მენიუჩამოწურწურებული მელოტი. ბეხლეწი კი იყო, ანუ ერთი შეხედვითაც რო ჩანს ჰაბიტუსით – "ვარდიაშვილი მენტი!."

გამოჭყეტვა ეგრე არ უნდაო და, რა ვიცი, რა თვალზე ჩამხედა თვალებში,

– რას მიყურებ, წამოდ თუ გინდა, კაი ადგილას წაგიყვან, არ ინანებო. გაჩუმება ვარჩიე, ვიდრე თმაზე ხელების ფათური არ დამიწყო, თან ლექციის თემას აშკარად გადაუხვია – ქალის თმა მთელი "პსიხოლოგიააო"...რისი თქმა უნდოდა არ ვიცი და რა დაინახა ჩემს "მწიფე ალუბლისფერ" "დალალებში,' მაგრამ მაინც არ "ჩავეკითხე," დამეზარა. იმას კიდევ ეწყინა.

– რაიყო რა სიტყვის ღირსადაც არ მთვლი, დაბრუნდება ძველი დრო და აჭიკჭიკდებით ისევ ყველა,ჩვენს ნოტებზეო! აი იქ გავბედე და შევეპასუხე, – ვისაც სმენა არ გვივარგა და ნოტებსაც ვერ ვკითხულობთ, იმათ რა გვეშველებამეთქი?

– არაფერიო.. ყრუებმა და ქეიფის ვერგამქაჩავებმა დააქციეთ ეს ქვეყანა, ისხით ახლა ქინძიანი სტაფილოს წვენი ტ@@@შიო.

კი არ მესიამოვნა პასუხი, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი, თან თავისი პროგრამა მინიმუმი ქონდა შესასრულებელი – ქადაგებდა ვანოს მეორედ მოსვლას.

თან ორლულიანიდან ისროდა ყველა წინადადებაზე და თავზე ნარნარით გვახურავდა დედებისას, კეთილებისას, კარგებისას და ბიძინას ცოლ–შვილისას.

ისევ ცნობისმოყვარეობამ მძლია და მიკროავტობუსის შიგთავსი მოვათვალიერე. 80% აღშფოთებული სახით ბაასობდა ერთამანეთში, მე სხვა რამე მაინტერესებდა – ტრანსპორტში 3 მამრი იჯდა, მძღოლის გარდა. ერთს ყურები ქონდა დაცობილი და თვალები გადატრიალებული, მაგრამ დანარჩენები არც წარბს ატოკებდნენ და არც თვალებს ახამხამებდნენ. უხერხულ–მოკრძალებული ჩახველებაც არსით ისმოდა..

სანამ მე ამ კონცერტის დამსწრე საზოგადოების თვალიერებით იყავი გართული, "სოლო პარტიამ" ისეთი კრინი აქაჩა, დასადუმებლად თავში ჩანთის ჩარახუნებაზე არ ვეტყოდი უარს, მაგრამ ... ამასწინათ, ერთმა მეგობარმა ყბაში სწორად გალაწუნება მასწავლა და, ერთი სული მაქვს, როდის გამოვცდი ჩემს შედეგებს...

ხოდა, ამასობაში, ეს ჩვენი ვანიჩქას მეხოტბე ისე გათავხედდა, სულ "ორი კვერცხის და მათი აყლაყუდა მეგობარის" მიმდევრები გვეძახა. ერთი კარგადაც მოგვაფურთხა და ჩავიდა.

მგზავრებმა ერთდროულად და ხმოვნად ამოისუნთქეს და იქ ამ "თავხედი დეგენერატის" თემის გარჩევა დაიწყოოოო.... რა თქმა უნდა, აქტიურად ჩაებნენ მამრები. ისე ჩაებნენ, ქალებს არ აცდიდნენ ქოთქოთს. ერთმა ისიც თქვა, ვიცი ვინცაა, ყოფილი პოლიციელია და იმიტომაა დაბოღმილიო...

იმასაც ცნობისმოყვარეობით გავხედე, ისეთი ამაყ და კმაყოფილი იყო, კომპეტენტურ დასკვნა რომ დადოოო...

უცებ ისე ვიყვირე – გაჩერეთ! ნორმალური ადამიანები მაგ ტონალობაში უკიდურეს პროტესტს გამოხატავენ. ძალიან მომინდა ჩასვლა, შუა გზიდან, თორემ მესამე ხაზიდან პირველ ხაზზე გადასვლა ასე სწრაფად რომ არ უნდა მოსთხოვო მძღოლს, მაგდენი ვიცი.

ჩამოსვლისას მძღოლმა ისე შემომიბღვირა, ვერ მოვითმინე და კომპლიმენტი ვუთხარი , ძალიან მოგიხდათ იმ ტიპისგან მოკეთეების მოკითხვამეთქი.

ჯერ ვერ მიხვდა, როცა მიხვდა, – მე რაო?! მასეთი ათასი გიჟი ამოდის აქო და ყველას რომ ავყვეო... მაგის გულისთვის სამსახურს ვერ დავკარგავო... ის, 2 ცალი მამრიც გამოეხმაურა, აბა ახლა, ხელს ხომ არ გავარტყამდი მთვრალ კაცსო. კაცსო, დიახაც!..

 

ალბათ, ცნობისმოყვარეობის ბრალია, თორემ, აბა რაში უნდ მაინტერესებდეს, რის გამო შეიძლება დღეს დაკარგოს სამსახური, თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს ან გაუჩნდეს პროტესტის გრძნობა მამაკაცთა არც ისე მცირერიცხოვანმა "არმიამ" ?

არადა, იყო დრო, როცა, ქალის თანდასწრებით გინება მამაკაცებში ცუდ ტონად ითვლებოდა და იმდენი ჩხუბი "აწეულა " მაგის გამო უბნებში.

შეიცვალნენ თავადაც და კრიტერიუმებიც შეეცვალათ ჩვენი მამრების დიდ ნაწილს...

დიადი ვანოს აღდგომის მოლოდინის ბრალია ესეც ვითომ?

3 Comments


Recommended Comments

ვერ ვიტან მენიუს, სიგარეტის და ალკოჰოლის სუნით აქოთებულ დაუბანელ კაცებს. ( მაგას როგორღაც გადავიტანდი, ჩუმად რომ ყოფილიყო, მაგრამ წერა რომ აიტანს რაააა...)))

ვერც მე ვიტან :D :D

მხიარულად ცხოვრობ კაატო, ვერაფერს იტყვი :)

ერთი რიტორიკული და დღეს უკვე ძალიან გაცვეთილი კითხვა გამიჩნდა: გვეშველება რამე?!

ლინკი
მასეთი ორი თავხედი ჩავყარე, ზუსტად 11 წლის წინ, მარშრუტკიდან. უშვერი სიტყვებით იგინებოდნენ და თან ვერელი კაი ბიჭები ვართო, მძღოლს აშინებდნენ. ის კი აკრაჭუნებდა კბილებს, მაგრამ ვერაფერს იზამდა, რომ ჩამოესვა, დახვდებოდნენ მეორე დღეს და წაართმევდნენ იმ მანქანას, სულაც. აი, მე კი ყირებზე ხახვს ვერ დამაჭრიდნენ, ჰოდა, ერთხელ რომ მივეცი შენიშვნა და ყური არ შეიბარტყუნეს, გავაჩერებინე მძღოლს და ისე ჩავაბუნძულე, წინააღმდეგობის გაწევა არც უცდიათ და სულ, ბოდიში, ჩემი დაიკო მიძახეს. მაგაზე ცალკე მიიღეს კიდეც კურთხევა. მერე კი ატყდა მარშრუტკაში ამბავი, შენ აგაშენა ღმერთმაო, ესენი ვინ იყვნენ, აგვიკლესო და იქ მსხდომ კაცებსაც ჩავაგდებინე ენა, თქვენი გასაკეტებელი გავაკეთე და ხმის ამოღებას როგორ ბედავთ-მეთქი... უფ, კაი, ამბავი გამახსენე, კი. რომ ჩადიოდნენ, იმათი გაშტერებული სიფატები უნდა გენახა, უკანმოხედვას რომ ვერ ბედავდნენ.. :)
ლინკი
×
×
  • შექმენი...