Jump to content
Planeta.Ge

გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა რუსეთში მობილიზაციას გაქცეულ 55 მოქალაქეს


გერმანიის ხელისუფლებამ დააკმაყოფილა თავშესაფრის მინიჭების თხოვნა რუსეთის 55 მოქალაქისგან, რომლებიც სამხედრო მობილიზაციას გაექცნენ. უარი ეთქვა 88 მსგავს განაცხადს, კიდევ 1500-ზე მეტი განაცხადი განხილვის პროცესშია - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება Redaktions Netzwerk Deutschland-ი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2023 წლის აპრილის ბოლომდე თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით გერმანიას მიმართა რუსეთის 2485-მა მოქალაქემ, რომლებიც მობილიზაციის საფრთხეს გაექცნენ. აპრილის ბოლოსთვის გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა 814 განაცხადზე. როგორც რუსეთის 671 მოქალაქეს გერმანიის ხელისუფლებამ უთხრა, მათი განაცხადები ევროკავშირის იმ სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ, რომელთაგანაც ეს მოქალაქეები პირველად შევიდნენ ბლოკში.

გასული წლის სექტემბერში - მას მერე, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა - გერმანიის რამდენიმე მინისტრმა გამოაცხადა, რომ ქვეყანა განიხილავს მობილიზაციისგან გაქცეული რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებითი თავშესაფრის გამოყოფას. "დეზერტირები, რომლებსაც სერიოზული რეპრესიები ემუქრება, შეძლებენ გერმანიაში საერთაშორისო დაცვის მოპოვებას" - განაცხადა მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.

პარალელურად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა - მაგალითად ჩეხეთი, ესტონეთი და ლატვია - გამოდიოდა ამგვარი ინიციატივის წინააღმდეგ. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი აცხადებდა, რომ სახელმწიფოს კანონიერი მოთხოვნების შესრულებაზე უარის თქმა არ წარმოადგენს ჰუმანიტარული ვიზის გაცემის საფუძველს.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...