Jump to content
Planeta.Ge

„რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ - ვაგრძელებთ ბელგოროდის გათავისუფლებას - რუსეთს არ აქვს რეზერვები სამხედრო კრიზისებზე რეაგირებისთვის


„რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ აგრძელებენ ბელგოროდის ოლქის გათავისუფლებას, - ამის შესახებ „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ „ტელეგრამზე“ წერს.

მათივე მტკიცებით, რუსეთს სამხედრო კრიზისებზე რეაგირებისთვის საჭირო რესურსები არ აქვს.

„რუსეთის ფედერაციის არმიამ ვერაფერი დაუპირისპირა პატრიოტ მოხალისეთა ჯგუფს, რომლებმაც იარაღი აიღეს და უშიშრად, ღიად დაუპირისპირდნენ მოსკოვის რეჟიმს რუსეთის თავისუფალი მომავლისთვის. კიდევ ერთხელ განადგურდა მითი იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან და რუსეთის ფედერაცია ძლიერია. რუსეთს არ აქვს რეზერვები სამხედრო კრიზისებზე რეაგირებისთვის. ყველა სამხედრო მოსამსახურე დაღუპულია, დაჭრილია ან უკრაინაშია. რუსეთის ფედერაცია აბსოლუტურად დაუცველია. ბელგოროდში პანიკაა, ნაწილობრივ მიმდინარეობს ორგანიზებული ევაკუაცია, მაგრამ უმეტესწილად სპონტანური გაქცევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ბელგორიდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათს ოლქის ტერიტორია ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან რამდენჯერმე დაბომბეს. მისი თქმით, დაიჭრა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა 29 საცხოვრებელი სახლი და 3 ავტომობილი, 14 დასახლებას კი ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის ავიაციამ, არტილერიამ და ქვედანაყოფებმა „70-ზე მეტი უკრაინელი ტერორისტი“ გაანადგურეს, რომლებიც, უწყების მტკიცებით, ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე იყვნენ შეჭრილი.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...