ვიქტორ ყიფიანი - რუსეთის გადაწყვეტილება იმდენად ჩვენდამი განხორციელებული გამოწვევა არაა, რამდენადაც ევროკავშირის მიმართ - ამაზე პასუხი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა იყოს
ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო, იმდენად ჩვენდამი განხორციელებული გამოწვევა არ არის, რამდენადაც ევროკავშირის მიმართ. მგონია, რომ ამ გადაწყვეტილების ფონზე, განსაკუთრებით მომწიფდა ევროკავშირის მხრიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ახალ ტენდენციებსა და პირდაპირ ფრენებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ამ გამოწვევაზე ევროკავშირის პასუხი უნდა იყოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
„ჰუმანიტარული კუთხით გადაწყვეტილებას არაფერი დაეწუნება. ჩვენ ეს გადაწყვეტილება რომ ამოვგლიჯოთ პოლიტიკური კონტექსტიდან, რა თქმა უნდა, საღად მოაზროვნე ადამიანი, რთულად წარმოსადგენია, რომ წინააღმდეგი იყოს პირდაპირი ფრენების, უვიზო მიმოსვლის, მაგრამ ჩვენ, თავისთავად ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ ის რთული გეოპოლიტიკური კონტექსტი, როდის მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. საქართველო არის საკუთარი გეოგრაფიის ტუსაღი. რა თქმა უნდა, ასეთი მდგომარეობა გავლენას ახდენს მის პოლიტიკურ ხაზზე. ეს გადაწყვეტილებები, ცალმხრივი ნების გამოვლენის ფორმით, რუსეთს მხრიდან იქნა ამოქმედებული ჩვენთვის უხერხულ დროს. მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო, იმდენად ჩვენდამი განხორციელებული გამოწვევა არ არის, რამდენადაც ევროკავშირის მიმართ. მგონია, რომ ამ გადაწყვეტილების ფონზე, განსაკუთრებით მომწიფდა და განსაკუთრებით საჭირბოროტო გახდა ევროკავშირის მხრიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება. და ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა დღეს იდეალურად, სრულფასოვნად ან სრულყოფილად ვერ ასრულებდეს იმ ცნობილ 12 რეკომენდაციას, მაგრამ პოლიტიკური მდგენელი იმ გადაწყვეტილებისა, რასაც ჩვენ ველოდებით, რუსეთის ქმედებების ფონზე, კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა. ალბათ, ამ გადაწყვეტილებებმა ევროკავშირის ბიუროკრატიას კიდევ უფრო მეტად შეუმცირა სივრცე იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც მეტწილად პოლიტიკური, პრაგმატული, გეოპოლიტიკური, მოსაზრებებით უნდა იყოს ნაკარნახევი. ფაქტია, რომ ამ ნაბიჯებით რუსეთმა გაზარდა რბილი ძალის პროეცირების ხარისხი და ამიტომ, ერთადერთი საპირწონე, ერთადერთი გამანეიტრალებელი და სწორი პასუხი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს ევროკავშირის მხრიდან, ეს არის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხის მიღება. ეს იქნება ყველაზე სწორი, დამაბალანსებელი, რომ ქართული საზოგადოება უკვე მეორე ჯერზე არ იქნეს გაწბილებული თავის მოლოდინებში. ევროკავშირში გაწევრიანება - კანდიდატობა იქნება თუ სრულფასოვანი წევრობა, ეს ყოველთვის არის ორმხრივი მოძრაობის ქუჩა, ჩვენ დავალებებს ვასრულებთ ავად თუ კარგად, მაგრამ აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ამ ქუჩის საპირისპირო მხრიდან ჩვენკენ, ასევე, თანაბარი წარმატებით, თანაბარი დინამიკითა და ხარისხით მოძრაობდეს ევროკავშირიც“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.