Jump to content
Planeta.Ge

წლის ბოლომდე გვექნება 10 000-მდე შემთხვევა - ჩხაიძე ჩუტყვავილას ინფექციის შემთხვევების მატებაზე


იაშვილის კლინიკის დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ჩუტყვავილას ინფექციის შემთხვევები მომატებულია. 2023 წლის იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, 4 თვეში ინფექციის 3 118 შემთხვევა გამოვლინდა. ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოსთვის ჩუტყვავილას შემთხვევების რაოდენობამ 10 000-ს მიაღწიოს. ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„შემთხვევების მატება არის მკვეთრი, ისე იმატებს ჩუტყვავილას ინფექცია, როგორც ეს იყო 2018 წელს. ჩუტყვავილას ახასიათებს ციკლურობა – ყოველ 5 წელიწადში ერთხელ იმატებს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა 2018 წელს, 10 196 შემთხვევა, ნაცვლად სტანდარტული 3-4 ათასისა. შარშან იყო 2000. წელს ძალიან მომატებულია შემთხვევების რაოდენობა,  წლის ბოლომდე გვექნება 10 000 მდე შემთხვევა.“ – განაცხადა ივანე ჩხეიძემ.

ის ამბობს, რომ იშვიათია ჩუტყვავილას გართულებული შემთხვევები, 10 000 ინფიცირებულზე 1 გარდაცვლილი ფიქსირდება.

„საქართველოში ძალიან იშვიათია გარდაცვალების შემთხვევები. ჩუტყვავილას გართულებებიდან ყველაზე მთავარია მეორადი ბაქტერიული ინფექცია. გამონაყარი შეიძლება დაინფიცირდეს და განვითარდეს ინფექცია და ამან გამოიწვიოს მძიმე მდგომარეობა. მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი. “ – ამბობს ჩხეიძე.

იაშვილის კლინიკაში ჩუტყვავილას გართულებით წელს 4 პაციენტი შევიდა, დღეს კი მაღალი ცხელებით კლინიკაში 1 პაციენტი რჩება. „მცირე ასაკის ბავშვებში გართულების რისკი მეტია“, – განაცხადა ივანე ჩხეიძემ.

ჩხეიძე მშობლებს ურჩევს, ჩუტყვავილას პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე საქმის კურსში ჩააყენონ ბავშვის ექიმი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ტემპერატურის მართვა და სითხის მიწოდება. „ჩუტყვავილას შემთხვევაში 2-3 დღეზე მეტხანს არ გრძელდება ცხელება. მსუბუქი შემთხვევები უნდა იმართოს ბინაზე, მხოლოდ და მხოლოდ გართულებული პაციენტები უნდა მოხვდნენ საავადმყოფოში.“ – თქვა ივანე ჩხეიძემ.

რაც შეეხება, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩხაიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის შემოღებასთან დაკავშირებით იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა საბჭომ უნდა მიმართოს, თუმცა ეს აქამდე არ მომხდარა, ვინაიდან, მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა რეკომენდაციას, ყველა ქვეყანამ ჩაატაროს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

„ორი არგუმენტი აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. პირველი ის არის, რომ ჩუტყვავილა არ მიმდინარეობს მძიმედ, მეორე არგუმენტით, მოსახლეობის 80 პროცენტი უნდა იყოს აცრილი. თუ ამ მაჩვენებელს ვერ მივაღწიეთ, მოგვცემს უფრო მძიმე შედეგებს – შემთხვევები იმატებს მოზრდილებში, მოზრდილებში უფრო რთულია დაავადების მიმდინარეობა და მეტია გარდაცვალების შემთხვევები“.  – განმარტავს ჩხაიძე.

მისივე თქმით, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელ ვაქცინაციათა ჩამონათვალში ევროპის 12 ქვეყანას ჰყავს შეყვანილი. მაგალითად, საფრანგეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და შვედეთი ამ ვაქცინაციას არ აკეთებს.

ჩხაიძე ამბობს, რომ ვინც დაავადება ერთხელ გადაიტანა, მას „მთელი ცხოვრება აქვს იმუნიტეტი“.

ივანე ჩხაიძემ, პარალელურად ისაუბრა წითელას ვაქცინაციაზე. მისი თქმით, მშობლები ბოლო წლებში შვილებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ უკეთებენ, რაც,  მისი თქმით, მძიმე შედეგებს მოიტანს.

„ყველა მშობელმა მინდა გაიაზროს რისკები. ამდენი აუცრელი ბავშვი დიდი ხანია არ გვყოლია. 10 000 არავაქცინირებული ბავშვი დაგვიბრუნდება მძიმე რისკით, წითელას ახასიათებს მძიმე გართულება. 10 000 აუცრელი ბავშვი არის უზარმაზარი რისკი ქვეყანაში, წითელას აფეთქების, მძიმე შემთხვევების განვითარებისა და გარდაცვალების მატების. ეს მოჰყვა ანტივაქსერულ კამპანიას, კორონას საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ. მოწინააღმდეგე ტალღას მოჰყვა წითელას ვაქცინაციაზე უარის თქმა.“ – ამბობს ჩხაიძე

ივანე ჩხაიძემ ისიც თქვა, რომ კორონავირუსის შემთხვევები ისევ ფიქსირდება ქვეყანაში და „ის არსად გამქრალა“.

„მიმართვიანობა გრძელდება. დადასტურებულ შემთხვევებში საკმაოდ მოულოდნელი ციფრები გვაქვს, 8 პროცენტი დადასტურებული შემთხვევების საკმაოდ დიდი რიცხვია.“ – ამბობს ივანე ჩხაიძე.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...