აშშ კვლავ ეხმაურება საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ. უწყების პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, ამ თემაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
“ჩვენი ბოლო პრესკონფერენციის შემდეგ არაერთი რამ მოხდა. პირველ რიგში, ჩვენ გავარკვიეთ, რომ ლავროვის სანქცირებული ქალიშვილი საქართველოში იმყოფებოდა, ხოლო რუსული თვითმფრინავი — თბილისში [ჩაფრინდა]. ახლა ქართული თვითმფრინავი მოსკოვში აპირებს გაფრენას. სად იყო ამ დღეებში აშშ? არანაირი რეაქცია და სანქცია არ არის”, — ჰკითხეს პრესკონფერენციაზე მილერს.
სახდეპის პრესსპიკერს ლავროვის ქალიშვილის ვიზიტზე არ უსაუბრია, თუმცა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და თქვა, რომ “ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, კრძალავს რუსული თვითმფრინავების შესვლას [თავის] საჰაერო სივრცეში”.
“ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს ნიშნავს – შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს კომპანიებს საქართველოს აეროპორტებში, შეიძლება, სანქციები დაემუქროს. ჩვენ – მთელი დასავლური საზოგადოება ვდისტანცირდით ამ რეჟიმისგან და ახლა არ არის რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო”, — დასძინა მეთიუ მილერმა.
პირდაპირი ფრენები და ლავროვის ქალიშვილი საქართველოში
მოსკოვმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. რუსეთში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს. ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.
პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ პირველი რეისი თბილისში 19 მაისს ჩამოფრინდა. ის უკრაინის მიერ სანქცირებულმა რუსულმა კომპანიამ, “აზიმუტმა” შეასრულა.
საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, აქციებით აპროტესტებს.
“აზიმუტის” პირველი რეისი უკვე დასრულებული იყო, როცა მედიაში ინფორმაცია გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილისა და მისი ქმრის ვიზიტზე საქართველოში.
ეკატერინა ვინოკუროვა(ლავროვა) და მისი მეუღლე, ალექსანდრ ვინოკუროვი ნათესავების ჯვრისწერაზე ჩამოვიდნენ, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან და ყვარელში იხდიდნენ ქორწილს.
20 მაისს, პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და სხვა მოქალაქეების პროტესტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლავროვის ნათესავების ქორწილი ყვარელში არ გაიმართება და „ის ოჯახი უკვე წასულია“.
ლავროვის სანქცირებული ქალიშვილის ვიზიტი “ქართულ ოცნებაში” დაადასტურეს, თუმცა ამაში პრობლემა ვერ დაინახეს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თქვა, რომ ოჯახის წევრის სანქცირება ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება”.
მისივე სიტყვებით, “სირცხვილია”, როცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხსენებული ქორწილის ჩაშლას ხალხის გამარჯვებად აფასებს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.