Jump to content
Planeta.Ge

შსს: მანქანის დაუფლების მიზნით ტაქსისტი მოკლეს, დაკავებულია 2 პირი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ნ.ა. და 2005 წელს დაბადებული ა.ა. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებმა და თანმხლებმა პირებმა ტაქსით გადაადგილებისას აღნიშნული ავტომობილის დაუფლების და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლის – 1969 წელს დაბადებული შ.ლ.-ს მოკვლა განიზრახეს. ბრალდებულებმა მას ავტომანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული მამაკაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს.

ამის შემდეგ, შსს-ს თანახმად, ბრალდებულებმა ავტომობილი საკუთარ ავტოსახელოსნოში მიიყვანეს, კვალის დაფარვის მიზნით, აღნიშნული ავტომობილის ნაწილებად დაშლა დაიწყეს.

სამართალდამცველებმა ნ.ა.-ს და ა.ა. -ს კვალს მიაკვლიეს, რის შემდეგაც ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.
ამავე დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...