Jump to content
Planeta.Ge

„თავისუფლება ახლოსაა“ – რა ხდება ბელგოროდში


22 მაისის დილიდან, მედია და ტელეგრამ-არხები აქტიურად წერენ უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე.

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსების ლეგიონმა რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა, ხოლო იქამდე – რუსული სასაზღვრო პუნქტი გაანადგურა.

ინფორმაცია ამ მოვლენებზე საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, მისი გადამოწმება კი საკმაოდ რთულია.

ამ მასალაში „ნეტგაზეთი“ შეეცადა თავი მოეყარა აქტუალური და გადამოწმებული ცნობებისთვის. მასალა პერიოდულად განახლდება.

სასაზღვრო პუნქტის განადგურება

უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქის დაბა გრაივორონში არტილერიული ცეცხლით განადგურებულია სასაზღვრო პუნქტი, მოგვიანებით კი გავრცელდა ვიდეო, სადაც პუნქტზე უკრაინული ტანკიც გადაადგილდება.

რუსული მხარე აქედან მხოლოდ გრაივორონის რაიონის რამდენიმე სოფლის დაბომბვას ადასტურებს, თუმცა, ამ სოფლებს შორისაა კაზინკაც, რომელიც უშუალოდ უკრაინის საზღვართანაა და რომელშიც მდებარეობს ხსენებული პუნქტი.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი გლადკოვი იმასაც ამბობს, რომ რაიონში უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფია შესული, რომელსაც რუსული ძალები ებრძვიან. რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ჯგუფთან საბრძოლველად გააგზავნეს ვერტმფრენებიც.

ამის შესახებ, დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინსაც მოახსენეს.

გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, დაშავებულია ჯამში ექვსი ადამიანი.

„თავისუფლება ახლოსაა“

უკრაინული მხარე კი ამბობს, რომ ბელგოროდში არა უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები, არამედ ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ მოქმედებს [ლეგიონში რუსები არიან გაწევრიანებული და იბრძვის უკრაინის მხარეს]. პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაშიც თქვეს, რომ მიმდინარე მოვლენებთან უკრაინას უშუალო შეხება არ აქვს.

ბელგოროდში ბრძოლაზე მრავლადაა ცნობები თავად ლეგიონის ტელეგრამ-არხშიც. უკანასკნელი ცნობებით, ლეგიონის მეომრებმა, „რუსულ მოხალისეობრივ კორპუსთან“ ერთად, დაიწყეს ქალაქ გრაივორონის შტურმი.

კრემლის პროპაგანდისტული „რაშა თუდეის“ ცნობით, „უკრაინელმა დივერსანტებმა“ დაიკავეს კულტურის სახლი სოფელ გორა-პოდოლში.

ლეგიონი აგრეთვე აცხადებს, რომ გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში უკვე ფრიალებს რუსეთის ალტერნატიული დროშა, წითელი ფერის გარეშე [იხილეთ გარეკანის ფოტოზე], ადგილობრივებს კი მოუწოდებენ, სახლში დარჩნენ და წინააღმდეგობა არ გაუწიონ – „პუტინის ზომბებისგან განსხვავებით, სამოქალაქო პირებს არ ვეხებით“.

„დემილიტარიზებული ზონა“

ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ [ასევე ცნობილი, როგორც ლეგიონი L],  „რუსულ მოხალისეობრივ კორპუსთან“ ერთად, გეგმავს, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე დემილიტარიზებული ზონა შექმნას.

„ვითარება რთულია. ლეგიონი და „რუსული მოხალისეობრივი კორპუსი“ ქმნიან დემილიტარიზებულ ზონას რუსეთის საზღვართან, საიდანაც ისინი [რუსეთის ჯარი] ვეღარ შეძლებენ უკრაინის დაბომბვას.

შემდგომ, მივდივართ მთელი რუსეთის პუტინის დიქტატის გათავისუფლებისკენ და დანაშაულებრივი ომის შეწყვეტისკენ“, – განუცხადა ლეგიონმა უკრაინულ გამოცემა „სუსპილნეს“.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...