Jump to content
Planeta.Ge

„ქალ კოორდინატორებთან შრომითი ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს" - კვლევა მათ გამოწვევებზე


„არჩევნებში კოორდინატორი ქალები სხვადასხვა ტიპის რისკისა და გამოწვევების წინაშე დგანან”, – ამის შესახებ საუბარია კვლევაში – „ქალი კოორდინატორების გამოწვევები არჩევნებში”, რომელიც ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „საფარმა“ და ორგანიზაცია ISFED-მა მოამზადა. ჯამში, კვლევაში მონაწილეობა 31-მა კოორდინატორმა ქალმა მიიღო სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიებიდან.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ კოორდინატორი ქალების კვლევები ირღვევა ყველგან: როგორც პარტიის შიგნით, ასევე – გარეთ, რაც კოორდინატორების მიმართ მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულების, მათზე საჯარო მოხელეებისა და სხვადასხვა აქტორების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, პარტიებში არარეგულირებული სამუშაო პირობების, მოუწესრიგებელი შრომითი ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი გარანტიების ნაკლებობითაა გამოწვეული.

კვლევაში მონაწილე ქალები საუბრობენ შემთხვევებზე, როდესაც ადგილი ჰქონდა მათზე სიტყვიერ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობასაც კი. ემუქრებიან სამსახურისა და სოციალური დახმარების დაკარგვით.

„საქართველოში, ხშირად, სხვადასხვა მიზეზების, მათ შორის სიღარიბის, ზეწოლისა თუ დაშინების გამო, ქალები იძულებულნი არიან, პარტიული კოორდინატორის საქმიანობას დათანხმდნენ. ზოგჯერ, ისინი ისეთ არალეგალურ აქტივობებს თანხმდებიან, როგორიცაა: ფულის დარიგება ხმის მიცემის სანაცვლოდ, ამომრჩევლის დაშინება/მუქარა და ა.შ. რიგ შემთხვევებში, მათ არც კი იციან, რომ უკანონო საქმიანობაში არიან ჩართულნი. ქალების მსგავს საქმიანობებში ჩართვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან წარმოადგენს გენდერული ნიშნით ძალადობისა და ქალთა ექსპლუატაციის, ადამიანის უფლებების დარღვევის სპეციფიკურ ფორმას. საქართველოში, ზოგადად, პარტიული კულტურა გენდერული სტერეოტიპებით არის გაჯერებული”, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევით დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ბევრი ქალი იძულებულია, დათანხმდეს ამ ტიპის პოლიტიკურ ჩართულობას მწირი ანაზღაურების სანაცვლოდ, ზოგიერთი კი ამას თანხმდება სამუშაოს დაკარგვის შიშით, რაც იძულებითი შრომაა.

კვლევის მიხედვით, ქალი კოორდინატორებისგან ხშირად ითხოვენ ამომრჩეველთა მობილიზებას ხმის მისაცემად, საპროტესტო აქციების მოწყობას და ა.შ., რა დროსაც ქალები ხშირად აწყდებიან სიტყვიერ შეურაცხყოფას, ზოგჯერ კი – ფიზიკურ ძალადობასაც კი.

„ამ ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ქალების ჩართვა ხშირად პოლიტიკური პარტიების მხრიდან წარმოდგენილია, როგორც პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ზრდა. რეალურად კი ხდება მათი ინსტრუმენტალიზაცია – ამ ქალებს არ გააჩნიათ პარტიულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღების უფლება“,- წერია კვლევაში.

„სოციალური დახმარების მოხსნით დაშინება”

კვლევაში მონაწილე ქალი კოორდინატორები, რომლებიც ძირითადად ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენენ ჰყვებიან, რომ ხშირად სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან. მათი თქმით, „ბევრ კოორდინატორ ქალს უთქვამს, რომ დაემუქრნენ სოციალური დახმარების მოხსნით, თუ გააგრძელებდა აგიტაციას ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერად”.

კვლევიდან იკვეთება ისიც, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ზეწოლას კოორდინატორების ოჯახის წევრებზეც კი. კვლევაში მონაწილე კოორდინატორების თქმით, „თუ მათ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი ჰყავთ ოჯახში, სოციალურ დახმარებას მოუხსნიან.“

„ხდებოდა ოჯახზე ზეწოლა, იმიტომ, რომ ოპოზიციური პარტიის გვერდით ყოფნა რაღაცნაირად შიშს იწვევს მათში, თითქოს თუ ვიღაცას სოციალური დახმარება აქვს, მოუხსნიან, თუ ვიღაცას რაღაცა სახის დახმარება აქვს, მაგას აღარ მისცემენ და ხელისუფლების ჯიბრში ყოფნას არ ურჩევენ“ (კოორდინატორი ქალი, ოპოზიციური პარტია).

ავტორთა თქმით, წინასაარჩევნოდ ოჯახის ბერკეტად გამოყენება გავრცელებულია ქალი კოორდინატორების მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ფორმად.

კვლევის მიხედვით, ხშირია კოორდინატორის, ან მისი ოჯახის დასაქმებული წევრის/ახლო ნათესავის სამსახურიდან გათავისუფლებით მუქარაც.

კვლევამ გამოავლინა, რომ არჩევნებამდე კოორდინატორ ქალებს ხშირად აშინებენ ოჯახის დასაქმებული წევრების, ან მისი სამსახურიდან გათავისუფლებით. მათი თქმით, ხშირია მუქარა, რომ თუ არ „გაეშვებიან ოპოზიციური პარტიის კოორდინატორობას“, მათი შვილი ან ქმარი დაკარგავს სამსახურს. ასევე, ხშირია მოსწავლე შვილებით დაშანტაჟება, რომ მათ შვილებს სკოლაში არ ექნებათ კარგი ნიშნები. ერთ-ერთი რესპონდენტი იხსენებს, როგორ აშანტაჟებდნენ მის პოლიციელ დას სამსახურიდან გაშვებით, თუ იგი გააგრძელებდა აგიტაციას ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ.

ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა, რომ ოჯახის დასაქმებული წევრებით მანიპულაციაში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ისინი ისე იქცევიან, რომ თავად ოჯახის წევრებმა უთხრან კოორდინატორებს, დაანებონ მსგავს საქმიანობას თავი, რათა მათ არ შეექმნათ საფრთხე. ერთ-ერთი რესპონდენტი იხსენებს, როგორ დააშინეს ის მის არასრულწლოვან შვილზე მუქარით:

„შენ ნუ ხარ მაგ პარტიაშიო, თორემ იცოდეო, შენ გყავს 17 წლის შვილიო, – ეს ფრაზა მითხრეს“ (კოორდინატორი ქალი, ოპოზიციური პარტია).

„ბაღში მუშაობდა ერთი გოგო და იყო ეგ მომენტი, რომ ეს ბაღი თვითონ ჩვენი ახლანდელი მთავრობის მიერ არის აშენებული. ახალ ბაღზე ვიძახი, გლდანის მერვე მიკროშია, – იქ მუშაობდა ერთ-ერთი ჩვენი კოორდინატორი და უთხრეს, თუ კოორდინატორად გააგრძელებ მუშაობას, დაკარგავ სამსახურსო“ (კოორდინატორი ქალი, ოპოზიციური პარტია)”, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით, სამთავრობო მხრიდან გავრცელებულია ბაღისა და სკოლის მასწავლებლების გამოყენება კოორდინატორებად, ან პირიქით, სამსახურის დაკარგვის მუქარით მათი განეიტრალება.

ფიზიკური ძალადობის შემთხვევები ქალ კოორდინატორებზე

კვლევაში მონაწილე ქალი კოორდინატორები ამბობენ, რომ ადგილი აქვს ფიზიკურ ძალადობასაც. ერთ-ერთი  კოორდინატორი ამბობს, რომ ქუჩაში აგიტაციის გაწევისას, რაიონის გამგებელმა მასზე საცემად გაიწია. მანამდე ის მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ახორციელებდა. აღნიშნული რესპონდენტი ჰყვება, რომ მას მერე, რაც მან გამოააშკარავა ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტი, რომელშიც
პოლიციელი იყო ჩართული, აღნიშნული პოლიციელი იარაღით დაემუქრა მას.

„ამავე დროს აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ინციდენტი ოქმებში ჩაიწერა, არანაირი სამართალწარმოება არ მოჰყოლია საქმეს და არავინ დაკითხულა საქმის გამოძიების მიზნით. ამას იმით ხსნის, რომ ის მოქმედი პოლიციელი იყო, თავად კი – არავინ, უბრალო კოორდინატორი ოპოზიციური პარტიიდან”, – ნათქვამია დოკუმენტში.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ქალ კოორდინატორებზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ადგილი აქვს მერიის თანამშრომლების მხრიდან. ერთ-ერთი რესპოდენტის თქმით, მას მერე, რაც მან გამოააშკარავა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი, როდესაც მერიის წარმომადგენლები საარჩევნო შტაბში შევიდნენ ფულის დასარიგებლად და ხალხის მოსასყიდად, მერიის მაღალჩინოსანმა მასზე საცემად გაიწია და ხალხმა მოახერხა მისი შეჩერება.

კოორდინატორები აცხადებენ რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხშირია მათ მიმართ დაშინება და მუქარა.

„ქალებს, ჩემს კოორდინატორებს არ უშვებდნენ, დანით ემუქრებოდნენ. და აი, აქამდე მოვედით ასეთი დაშინებით“ (კოორდინატორი ქალი, ოპოზიციური პარტია)”. – აცხადებს კვლევაში მონაწილე კოორდინატორი ქალი.

ასევე, კვლევამ გამოავლინა, რომ მთავარი აქტორი, რომელიც ქალი კოორდინატორების დაშინებასა და ძალადობაშია ჩართული, არის ე.წ. უბნის „კაი ბიჭი“. რესპონდენტების თქმით, მმართველმა პარტიამ მათ განუსაზღვრელი თავისუფლება მიანიჭა.

ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღება 

კვლევამ გამოავლინა, რომ კოორდინატორ ქალთა მიმართ ძალადობის კიდევ ერთი ტიპის აქტორია ე.წ. „პარტიული პოლიცია“, რომელიც კოორდინატორებს აიძულებს, მოიტანონ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობები, პირადი ნომრები, ბიულეტენის ფოტოები და ა.შ. ეს განსაკუთრებულ დისკომფორტს, უხერხულობასა და დაძაბულობას უქმნით ქალ კოორდინატორებს, რომლებსაც ინფორმაცია არ აქვთ, როგორ დაიცვან თავი საკუთარი პარტიის წევრი ე.წ. „პარტიული პოლიციისგან“.

როგორც ერთ-ერთი კოორდინატორი ამბობს, პარტიები ხშირად ბიულეტენის ფოტოს გადაღებას სთხოვენ კოორდინატორ ქალებს, რომ მართლა დარწმუნდნენ მათი აგიტაციის შედეგიანობაში. ამის სანაცვლოდ, ხშირად ხდება კოორდინატორების მოსყიდვა – როგორც რესპონდენტი ამბობს, არიგებენ ზეთს, მაკარონს, ხორცს.

„კი, ბატონო, ეს ბიულეტენზე ფოტოს გადაღება, რომ მართლა მიეცი ხმა, ამით ადასტურებენ… კი, ბატონო, სანაცვლოდ კოორდინატორებთან არიგებენ ზეთს, მაკარონს, ხორცი დაარიგეს ბოლოს…“ (კოორდინატორი ქალი, ოპოზიციური პარტია)”, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ბოლოს წარმოდგენილია „საფარისა“ და ISFED-ის ერთობლივად შემუშავებული რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე პარტიის გარეთ არსებული ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, რომელთა ჩართულობასაც შეუძლია არჩევნებში ქალი კოორდინატორების მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია.

რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიებისთვის:

  • პოლიტიკურმა პარტიებმა ქალი კოორდინატორების შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, მათთან ინდივიდუალური შრომით ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ, რითიც მხარეთა უფლება-მოვალეობები დარეგულირდება.
  • ანაზღაურება უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებით.
  • პარტიებმა ქალ კოორდინატორებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, როგორ მიმართონ შესაბამის ორგანოებს საფრთხეში აღმოჩენის ან/და მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
  • მმართველმა პარტიამ უარი უნდა თქვას კოორდინატორებად საჯარო მოხელეთა, მათ შორის, სკოლისა და ბაღის მასწავლებლების დასაქმების პრაქტიკაზე, რაც ამ სექტორის პოლიტიზაციისა და სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის წაშლის ერთ-ერთი მიზეზია.
  • პარტიებმა უარი უნდა თქვან კოორდინატორებისთვის ისეთი დავალებების მიცემაზე, რომელიც საფრთხის შემცველია ქალი კოორდინატორებისთვის.

რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციებს:

  • არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაიწყონ ცნობიერების ამაღლების კამპანიები პარტიის კოორდინატორი ქალების როლისა და მდგომარეობის შესახებ, რათა შემცირდეს არჩევნებისას კოორდინატორი ქალების მიმართ აგრესია საზოგადოების მხრიდან.
  • აუცილებელია, ქალ კოორდინატორებს არჩევნებისას გაუწიონ უფასო იურიდიული დახმარება, მათ მიმართ გამოვლენილი გენდერული ნიშნით ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.
  • კვლევა 2022 წლის ოქტომბერში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფებისა და არაფორმალური ინტერვიუს მეთოდებით. ინტერვიუები ჩატარდა ონლაინ, დიალოგური მოდელით ინტერვიუერსა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის კოორდინატორ ქალებს შორის.

    პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...