როგორ (არ) გააშუქა საქართველოში ლავროვის შვილის სტუმრობა რუსულმა მედიამ
გასულ კვირას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენა დაიწყო. პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისში 19 მაისს შესრულდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. აქცია გაიმართა თბილისის აეროპორტთან, იმავე საღამოს კი პროტესტი პარლამენტის წინ გაგრძელდა.
19 მაისს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ლავროვის სიძის ძმა საქართველოში დაქორწინდა და ქორწილს ყვარელში, ერთ-ერთ სასტუმროში იხდიდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში იყო ლავროვის ქალიშვილიც, ეკატერინა ვინოკუროვა, რომელსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა.
ეს ინფორმაცია მოგვიანებით დადასტურდა, ყვარელსა და თბილისში კი ლავროვის სანქცირებული შვილის სტუმრობა აქციებით გააპროტესტეს. ყვარელში სასტუმროსთან აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 მოქალაქეც დააკავა.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნისა და პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი სახის, სერგეი ლავროვის შვილის სტუმრობას მოჰყვა, რუსულმა სამთავრობო მედიამ ამბავს ყურადღება თითქმის არ დაუთმო.
რუსულ წამყვან სამთავრობო მედიაგამოცემებში, ძირითადად, საქართველოში პირდაპირი ფრენის დაწყების წინააღმდეგ გამართული აქციები გაშუქდა, ისიც მოკლედ. რაც შეეხება ლავროვის შვილის ჩამოსვლას და მის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს, რუსული სამთავრობო მედიიდან ეს ამბავი სააგენტო ТАСС-მა გააშუქა, მაგრამ ლავროვის ოჯახის წევრები არ დაუსახელებია.
სააგენტო წერდა, რომ კახეთში 16 ადამიანი დააკვეს ერთ-ერთ სასტუმროსთან მიმდინარე აქციაზე, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი მინისტრის ოჯახის წევრების ჩასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. ТАСС-ს არ დაუსახელებია, კონკრეტულად ვინ იმყოფებოდა საქართველოში.
ინტერნეტში არ იძებნება РИА Новости-ის, Russia Today-ის, Sputnik-ის და სხვა რუსული სამთავრობო გამოცემების მიერ მომზადებული მასალები ლავროვის შვილის სტუმრობაზე, მის წინააღმდეგ პროტესტსა და ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ეს ქორწილი რუსებმა, საბოლოოდ, ვერ აღნიშნეს. რამდენიმე პროსამთავრობო სააგენტო და გამოცემა კი ТАСС-ის მოკლე ინფორმაციას დაეყრდნო.
ლავროვის შვილის სტუმრობის გარშემო განვითარებულ მოვლენებს კრიტიკულად არ გამოხმაურებია არც რუსეთის ხელისუფლება.
რუსული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო დუმის წევრმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ პროტესტი, რომელიც სოროსელთა მცირე ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული და „საფრანგეთიდან მართული კვაზი-პრეზიდენტი“ არ მოახდენს საპასუხო ზომების პროვოცირებას. გავრილოვის თქმით, პირიქით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაღრმავდება, მათ შორის მართლმადიდებელ მომლოცველთა მიმოსვლის კუთხით.
ასევე, რუსულენოვან ვებგვერდებზე, სოციალურ არხებსა და საძიებო სისტემებში არ ჩანს არც რუსი პროპაგანდისტების კრიტიკა საქართველოს მიმართ.
არადა, 2019 წელს გავრილოვის ვიზიტისა და 2021 წელს პოზნერის სტუმრობის გამო დაწყებულ პროტესტს მოსკოვში მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. პირდაპირი ფრენა რუსეთის ხელისუფლებამ სწორედ 2019 წელს დაწყებული აქციების გამო შეწყვიტა, როგორც სანქცია საქართველოს მიმართ. პოზნერის ვიზიტის შემდეგ კი პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მოუწოდა რუსებს, თავი შეეკავებინათ საქართველოში მოგზაურობისგან.
რუსული სამთავრობო მედიისგან განსხვავებით, უფრო ვრცლად გააშუქა ლავროვის შვილის ვიზიტი რუსულმა ოპოზიციურმა მედიამ. რამდენიმე რუსული გამოცემა, ძირითადად, ქართულ მედიაზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა ლავროვის შვილი, რასაც მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.