ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვები დაიწყო - სომხური მედია
სომხური მედიის ინფორმაციით, მათი ტვირთების გადაზიდვა რუსეთში უკვე ბათუმიდანაც შესაძლებელია. აპრილში ბათუმსა და რუსულ პორტს ნოვოროსიისკს შორის ორმხრივი საზღვაო გადაზიდვები დაიწყო.
სომხური მედია წერს, რომ დარიალის ხეობის გავლით რუსეთში ტვირთების გადაზიდვა გარემო პირობების გამო ზოგჯერ ფერხდებოდა. სატვირთო ავტომობილები რამდენიმე კვირის განამვლობაშიც კი იდგნენ რიგში. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ამოქმედდა ახალი, საზღვაო მარშრუტი.
სომხეთის ხელისუფლებამ ამ გადაზიდვების ოპერატორად კომპანია CE&M INTERNATIONAL შეარჩია. სომხურ გამოცემა Armenpress-თან კომპანიის დირექტორი დავით ილოიანი ამბობს, რომ ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის უკვე ორმა სატვირთო გემმა გაიარა.
„დღეისთვის, ჩვენს გემს 350 კონტეინერის გადატანა შეუძლია, პირველი ტვირთი 18 აპრილს გადავიტანეთ. ვგეგმავთ, რომ ნოვოროსიისკიდან ბათუმში და პირიქით ყოველვკირეული მიმოსვლა იყოს. მოთხოვნის შესაბამისად კი, გადაზიდვების 2-3-ჯერ გაზრდა შეგვიძლია“, – ამბობს დავით ილოიანი.
„პუბლიკამ“ კომენტარისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე კომენტარს მათ დაქვემდებარებაში მყოფი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მოგვიანებით გააკეთებს.
სომხურ მედიაში გასული თვეების განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხური ტვირთების გადასატანად საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, საზღვაო გადაზიდვები ამოქმედებულიყო. საუბარი უფრო მეტად ფოთიდან საბორნე გადაზიდვებს შეეხებოდა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.