Jump to content
Planeta.Ge

გიორგი შარაშიძე - თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო... იკვეთება ორი უმძიმესი დანაშაული - სახელმწიფო ინტერესების ღალატი და მასშტაბური პოლიტიკური კორუფცია


თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო, თუმცა იკვეთება ორი უმძიმესი დანაშაულის ნიშნები - სახელმწიფო ინტერესების ღალატი და მასშტაბური პოლიტიკური კორუფცია , - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის („იბიარდის“) დაფინანსებით თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული რუსული კომპანია.

სამწუხაროდ, თბილისის მერიას ეყო თავხედობა, ჩვენი ევროპელი პარტნიორების ფულით რუსული ვაგონები შეესყიდა და თან ეს ფაქტი უტიფრად იმით გაემართლებინა, რომ თითქოს „იბიარდიმ“ თავად გადაწყვიტა, თუ ვისგან ეყიდა თბილისის მერიას მეტროს ვაგონები” , - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მისი თქმით, ეს იყო ეს იყო თბილისის მერიის და კახა კალაძის მანიპულაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თითქოს „იბიარდის“ მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურებით ჩატარებული ტენდერი გამორიცხავს მერიის პასუხისმგებლობას.

“ეს იყო თბილისის მერიის და პირადად მერის კახა კალაძის ჩვეული მანიპულაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თითქოს „იბიარდის“ მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურებით ჩატარებული ტენდერი გამორიცხავს მერიის პასუხისმგებლობას!

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სიმართლე სრულიად საპირისპიროა –აქ პირველ რიგში მერიის პასუხისმგებლობა იკვეთება, რადგან სატენდერო კომისია, ვინც ხმა მისცა რუსულ კომპანიას, სწორედ მერიის თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული.

მიუხედავად იმისა, რომ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურის დაწყება მისასალმებელია, ეს არ ათავისუფლებს თბილისის მერიას პასუხისმგებლობისგან, რადგან აქ იკვეთება ორი უმძიმესი დანაშაულის ნიშნები – სახელმწიფო ინტერესების ღალატი და მასშტაბური პოლიტიკური კორუფცია” , - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

პარტია “საქართველოსთვის” ასევე მოითხოვს, თბილისის მერიამ გააუქმოს მეორე რუსულ სანქცირებულ კომპანია “კამაზი”-სთან გაფორმებული ხელშეკრულება.

“საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ თბილისის მერიამ სულ ახლახან მეორე რუსულ სანქცირებულ კომპანიასთანაც გააფორმა ხელშეკრულება. ეს გახლავთ კომპანია „კამაზი“, რომელიც არის არა მხოლოდ ერთ–ერთი რიგითი რუსული კომპანია, ვისგანაც საქართველო პროდუქციას ყიდულობს, არამედ ეს კომპანია არის ევროკავშირის მიერ სანქცირებული იმის გამო, რომ რუსეთის ტერორისტულ არმიას აწვდის სამხედრო ტექნიკის კომპონენტებს, რომლის გამოყენებითაც იხოცება ათასობით უდანაშაულო ადამიანი უკრაინაში.

დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ მაშინ, როცა მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა აგრესორ სახელმწიფოსთან, თბილისის მერია სწორედ რუსული კომპანიებისგან ყიდულობს მილიონობით ლარის პროდუქციას და ამით ირიბად, ქართველი გადასახადის გადამხდელების ფულს მიმართავს უკრაინაში ომის დასაფინანსებლად.

ამიტომ მოვითხოვთ:

თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ დაიწყოს რუსულ სანქცირებულ კომპანია „კამაზთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა. ამის შესახებ გუშინდელ საკრებულოს სხდომაზეც გამოვხატეთ პროტესტი და ამჯერად კატეგორიულად მოვითხოვთ რუსულ კომპანია „კამაზთან“ ხელშეკრულების გაუქმებას”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...