მერია სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან ვაგონების ხელშეკრულებას აუქმებს
თბილისის მერიის განცხადებით, ხელშეკრულებას აუქმებს თავისი საერთაშორისო პარტნიორების მიერ 19 მაისს სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან, რომლისგანაც თბილისის მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონები უნდა ეყიდა.
საუბარია “მეტროვაგონმაშზე”, რომელიც, როგორც მერია 2021 წელს ამბობდა, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”(EBRD) დაფინანსებით და მათივე წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებულად. მაშინ მერია აცხადებდა, რომ ვაგონების ეტაპობრივი მოწოდება 2022 წლიდან უნდა დაწყებულიყო.
ხელშეკრულების გაუქმების პროცედურის დაწყების შესახებ განცხადება უწყებამ პარასკევს, 19 მაისს გაავრცელა.
“საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა დაიწყო კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა.
შეგახსენებთ, 2021 წლის მარტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით და მისივე ორგანიზებით, გამოცხადდა ტენდერი თბილისის მეტროპოლიტენისთვის 40 ახალი ვაგონის შესასყიდად.
ჩატარებული ტენდერის შედეგად, 2021 წლის ნოემბერში, გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „მეტროვაგონმაში“და დაიდო ხელშეკრულება ვაგონების მოწოდებაზე.
2023 წლის 19 მაისს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოხდა აღნიშნული კომპანიის სანქცირება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველო ახორციელებს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულებას.
შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტი არ აპირებს სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობას და „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულება გაუქმდება”, — ნათქვამია განცხადებაში.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.