Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მსჯელობს


პარლამენტი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მსჯელობს.

„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მეშვეობით ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულებისა და მათზე შესაძლო არასათანადო რეაგირების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ - ასე ეწოდება პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომელიც პოლიტიკურმა ჯგუფმა “საქართველოსთვის“ მოამზადა.

პროექტის თანახმად, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრედ განისაზღვრება: - 2020 წლიდან დღემდე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური “ქოლ-ცენტრების“ შექმნითა და გამოყენებით ჩადენილი სავარაუდო ტრანსნაციონალური დანაშაულები, მათ განხორციელების სქემა, პასუხისმგებელი პირები; შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების შესაძლო არასათანადო რეაგირების ფაქტები, ამ სისტემური ჩავარდნის გამომწვევი მიზეზები და მასზე პასუხისმგებელი პირები; სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებული პირდაპირი თუ არაპირდაპირი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები და მათი შესაძლო შედეგები საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

„ფაქტია, რომ ზემოხსენებული ტრანსნაციონალური თაღლითური სქემა საქართველოში წლების განმავლობაში ხორციელდება. აღნიშნულზე წლებია მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია და ჩვენი მოქალაქეებისთვის “ბიბისი“-ს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაცილებით მეტი ინფორმაცია გახდა ცნობილი, ვიდრე საგამოძიებო უწყებების მოქმედებების შედეგად. ასევე, მოცემულობაა, რომ საგამოძიებო უწყებებმა ვერ შეძლეს საერთაშორისო თაღლითური სქემის აღკვეთა, მეტიც, ზიანი მიადგა არამხოლოდ სხვა ქვეყნის, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც, სავარაუდოდ დანაშაულის განხორციელება მიმდინარეობს დღესაც, რითაც უზარმაზარი პოლიტიკური, ეკონომიკური და რეპუტაციული ზიანი ადგება ქვეყანას. შესაბამისად, როდესაც პარლამენტარებს და საზოგადოებას აქვს საფუძვლიანი ეჭვი სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, დროებითი საგამოძიებო კომისია წარმოადგენს დამატებით ბერკეტს გამოაშკარავებული და სათანადოდ რეაგირებული იყოს სახელმწიფოს წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, უკანონო ქმედებები“, - აცხადებენ ინიციატივის ავტორები.

არსებული ინფორმაციით, დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ, კენჭისყრა ჩატარდება. დროებითი საგამოძიებო კომისია 50 ხმიანი მხარდაჭერით იქმნება.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...