“დაღუპული ჯარისკაცის დედამ ფაშინიანის შვილი გაიტაცა” – გამოძიება
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შვილის, 23 წლის აშოტ ფაშინიანის გატაცების საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება. გამოძიების მტკიცებით, გამტაცებელი 2020 წლის ყარაბაღის ომში დაღუპული სომეხი ჯარისკაცის დედაა, რომელიც სამართალდამცვებმა უკვე დააკავეს.
საგამოძიებო კომიტეტი აქვეყნებს აშოტ ფაშინიანის მონაყოლის საფუძველზე განცხადებას. ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად, 17 მაისს 12:47-საათზე აშოტ ფაშინიანმა ერევანში სააპელაციო სასამართლოსთან ჩაიარა, რომლის ეზოშიც 2020 წლის ომის დროს დაღუპული სამხედროების მშობლები იდგნენ. როგორც აშოტ ფაშინიანი აცხადებს, მის დანახვაზე მშობლები მას მიუახლოვდნენ და ყვირილი დაიწყეს.
“მასთან მივიდა ქალი, რომელიც გაეცნო დაღუპული ჯარისკაცის დედად და შეთავაზა მანქანაში ჩაჯდომა და მშვიდად საუბარი. როდესაც ის მანქანაში დაჯდა, ქალმა მოულოდნელად მანქანა დაქოქა და წავიდა. მანქანაში ქალმა 2020 წლის ომზე დაიწყო საუბარი, ტერიტორიულ და ადამიანურ დანაკარგებზე. შეამჩნია მან რა, რომ ქალი არაადეკვატურად იქცეოდა, უმატებდა სიჩქარეს, არღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს, აშოტ ფაშინიანმა მანქანის გაჩერება და მანქანიდან გადასვლა მოითხოვა, რაზეც ქალმა უპასუხა, რომ მისი შვილი მოკლეს და დასაკარგი აღარაფერი აქვს, ამიტომაც მას [აშოტ ფაშინიანს] “ერაბლურში” წაიყვანს და იქ გადაწყვეტს, გაათავისუფლოს თუ არა”, – ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციითვე, აშოტ ფაშინიანმა მხოლოდ მაშინ შეძლო ავტომობილიდან გადმოხტომა, როდესაც ქალმა გზაჯვარედინზე მანქანის მოძრაობის სიჩქარე შეანელა. წამოდგომის შემდეგ კი, როგორც თავად ჰყვება, “ტოიოტას” ფირმის თეთრმა ავტომობილმა დაარტყა, რომელშიც სააპელაციო სასამართლოს ეზოში მდგომი სხვა მშობლები ისხდნენ.
ოფიციალური ცნობით, ინციდენტის შედეგად მას ფეხი აქვს დაზიანებული
“საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ის სწრაფად შევარდა სუპერმარკეტის ტერიტორიაზე”, – აცხადებს უწყება.
სისხლის სამართლის გამოძიება, ოფიციალური ცნობით, სახელმწიფო, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პირთან დაკავშირებული ადამიანის ან მასთან დაახლოებული პირის გატაცების მუხლით დაიწყო.
გამოძიების ცნობით, პრემიერ-მინისტრის შვილის გატაცების მცდელობისთვის გაიანე აკოფიანი ამჟამად დაკავებულია – გამოძიება გრძელდება.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.