Jump to content
Planeta.Ge

კელი დეგნანის განმარტება “მართვეს” ვიზების საკითხზე


ანსამბლი „მართვე“ აცხადებს, რომ აშშ-ში ივლისში დაგეგმილი გასტროლზე ვერ მიდის. ანსამბლის ხელმძღვანელების თქმით მიზეზი აშშ-ის საელჩოს მიერ ვიზების დროულად არგაცემაა.

„მართვეს“ წევრებისთვის აშშ-ის ვიზების დროულად არგაცემაზე ინფორმაცია თავდაპირველად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაავრცელა. ამის შესახებ კობახიძემ 16 მაისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან აშშ-ის საელჩოს სავიზო პოლიტიკის კრიტიკისას ისაუბრა.

კობახიძის თქმით, საქართველოში აშშ-ის მიერ სავიზო განაცხადების დაკმაყოფილების მაჩვენებელი დაბალია – 37%. ამაზე საუბრისას კი კობახიძემ ანსამბლ „მართვეს“ შემთხვევაც გაიხსენა.

„არის ცალკეული შემთხვევები, როცა იყო სტუდენტი, მიიღო დაფინანსება, ჩაირიცხა კონკრეტულ ამერიკულ უნივერსიტეტში და არ ჩაურტყეს ვიზა. გუშინ ასევე გავიხსენე „მართვეს“ შემთხვევა, როცა 50 ბავშვი დატოვეს საქართველოში, არ ჩაურტყეს ვიზები, რაც წარმოუდგენელია. რატომ უნდა დასაჯო 50 ბავშვი ამერიკაში არ გაგზავნით, როცა არანაირი არც რისკი არსებობს, არაფერი და გასტროლები არის შეთანხმებული? ეს არის აბსოლუტურად აუხსნელი და გაუგებარი. მგონი, უნდა დაინტერესდეს საელჩო, რატომ ხდება ეს ყველაფერი, რატომ ისჯებიან ჩვენი მოქალაქეები, რატომ არის დისკრიმინაციული მიდგომა?! ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის, პარლამენტარის შვილია, ერთ-ერთი კი იყო მოქალაქის შვილი, რომელსაც არ მისცეს ვიზა. გასული წლის ზაფხულის ამბავია. არ ჩაურტყეს ამ მოქალაქის შვილს ვიზა, ცნობილი ადამიანის შვილია, მიუხედავად იმისა, რომ ჩარიცხული იყო ამერიკის უნივერსიტეტში. მისგან ვიცი პირადად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუმცა კობახიძემ არ დაასახელა რომელი დეპუტატის შვილზე საუბრობდა.

ნეტგაზეთის კითხვას, იყო თუ არა ანსამბლ „მართვეს“ წევრებს შორის მისი შვილი, კობახიძემ პირდაპირ არ უპასუხა და  „სამარცხვინო“ უწოდა. ასევე, განაცხადა, რომ „ეს პატარა ლიბერალური ფაშიზმის ელემენტია“.

„მართვესთვის“ აშშ-ის ვიზების არგაცემასთან დაკავშირებით 17 მაისს სიუჟეტი მოამზადა ტელეკომპანია „იმედმაც“. როგორც „იმედთან“ ანსამბლის ხელმძღვანელები ამბობენ, საელჩოში მათ სავიზო განაცხადები ინდივიდუალურად შეტანა შესთავაზეს [და არა ჯგუფურად]. „მართვეს“ ხელმძღვანელების თქმით გაუგებარია, რატომ შეექმნა წელს ანსამბლს ვიზებზე პრობლემა, მაშინ, როცა წინა წლებში „მართვე“ აშშ-ში გასტროლზე არაერთხელ იყო.

„ივლისში გასტროლი უნდა იყოს და როცა გეუბნებიან, რომ ამ წლის ბოლოს, დეკემბერში უნდა შემოხვიდე, ეს უბრალოდ არარეალურია. რა თქმა უნდა, ყველა ინფორმაცია, რომელიც საჭირო იყო სავიზო მომსახურების მისაღებად[შევაგროვეთ]. ასევე ყველა ბავშვის ინფორმაცია შევაგროვეთ – ვინმეს ხომ არ ჰქონდა რაიმე პრობლემა, რადგან ეს მიღებული ფორმაა. „მართვეს“ არანარი პრობლემა არ ჰქონია არც ვადებში. „მართვე„ მიდიოდა საქართველოს სახელის გასატანად ძალიან საინტერესო ფესტივალზე და ზუსტი მიზეზი დღემდე ჩვენთვის არ არის ცნობილი“, – განაცხადა „იმედთან“ ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა.

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, ზოგჯერ ხალხი ფიქრობს, რომ მათ მიმართ განსაკუთრებული მოპყრობა უნდა იყოს და არ გაიარონ ყველა პროცედურა, რაც ვიზის მიღებას სჭირდება.

„სამწუხაროა, რომ „იმედმა“ მორიგ ჯერზე აირჩია, გადაეცა არასწორი ინფორმაცია. რეალურად, ყოველწლიურად ათასობით ქართველს ვიღებთ აშშ-ში, მათ შორის კულტურული გაცვლის პროგრამის ფარგლებში. წინა თვეს ვიზა გავეცით 13 მოცეკვავეზე, აშშ-ში ტურისთვის. წინა კვირას ვიზა მივეცით მოცეკვავეებისა და მომღერლების ჯგუფს, რომელიც აშშ-ის კონგრესში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოვა.

ზოგჯერ ხალხი ფიქრობს, რომ განსაკუთრებული მოპყრობა უნდა იყოს მათ მიმართ და არ გაიარონ ყველა გათვალისწინებული ნაბიჯი. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ მსურველებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ვიზა. თუ ისინი ითვალისწინებენ ჩვენს რჩევებს, როგორც წესი, იღებენ ვიზას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...