როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქციას „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ ტოვებენ
დეპუტატები, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ.
როგორც დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, „ქართულ ოცნებასთან“ გარიგების შესახებ, არის ტყუილი.
„დეპუტატები: როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული ვართ მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის პარტიული სიით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას სახელწოდებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. აქვე ვადასტურებთ, რომ ჩვენ დღევანდელ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებთ და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები დამალვაზე საუბრობდნენ, რასაკვირველია უარვყოფთ და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არსად ვიმალებით.
ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან საუბარი იყო გარიგებაზე. ეს არის უსინდისო ტყუილი. როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე არავის გარიგებია. „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაცია არ გვქონია. „ქართულ ოცნებასთან“ არ გვქონია შეხვედრა. „ქართულ ოცნებასთან“ არ გვქონია სატელეფონო ზარი. ჩვენ არაფერი გვაკავშირებს „კლანთან“. იმ „კლანთან“, რომელიც იუსტიციის საბჭოში ძალიან მტკიცედ არის ჩამჯდარი.
ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით იმ სასამართლო „კლანს“, რომელიც ქვეყნის სასამართლო სისტემაში არსებობს“,- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი.
კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა, კენჭისყრა შეჩერდა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.