ირაკლი კობახიძე - მადლობას გადავუხდი იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს - მათ მადლობა საზოგადოებამაც უნდა გადაუხადოს
მე მადლობას გადავუხდი, სახელების დასახელების გარეშე, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს - ეს დეპუტატები არიან გარიგებული არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკვე აირჩა სამი წევრი და მათ დააგროვეს 90 - ზე მეტი ხმა. ჩვენ გვქონდა მსგავსი ტიპის მოცემულობა სახალხო დამცველის არჩევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობდა ლევან იოსელიანის კეთილსინდისიერებასთან, კომპეტენციასთან, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, არათუ არ დაუჭირა რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი იოსელიანის კანდიდატურას, პირიქით, წარმოებდა ბულინგი იმ ქალბატონი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც ოპოზიციიდან დაუჭირეს მხარი ლევან იოსელიანის კანდიდატურას. იქაც მიზეზი იგივე იყო, მიზეზი იყო ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის არ მისაღებად. დღესაც ამის გამოვლინება იყო, ეს იყო მორიგი ტესტი. მე მადლობას გადავუხდი, სახელების დასახელების გარეშე იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს და კანდიდატის სტატუსის მიღებას ჩვენი ქვეყნისთვის. გაგრძელდება პროცედურა და იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ ხუთივე წევრის არჩევას,“- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციონერმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ სცადეს "ლიბერალური ფაშიზმის მეთოდების" გამოყენება და მათ უხეშად ხელყვეს ის პრინციპი, რასაც ჰქვია თავისუფალი მანდატის პრინციპი.
„ისინი უხეშად წავიდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. კონსტიტუციური პრინციპების წინააღმდეგ. ის დეპუტატები ოპოზიციიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, არიან გარიგებული არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან. ძალიან პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს მათ იმასთან დაკავშირებით, რომ სურთ კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დეპუტატებს მადლობა არამხოლოდ ჩვენ, არამედ საზოგადოებამაც უნდა გადაუხადოს“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე 5 წევრიდან მხოლოდ 3 წევრის ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავასა და ზურაბ გურასპაშვილის არჩევა შეძლეს. კანდიდატების კენჭისყრის პროცესში პარლამენტის სხდომათა დარბაზი ოპოზიციამ მას შემდეგ დატოვა, რაც არამოსამართლე წევრების არჩევისთვის საჭირო 90 ხმის მოსაგროვებლად მმართველ გუნდთან ერთად, კანდიდატებს ხმა ფარული კენჭისყრისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს. კენჭისყრაზე სულ 29 კანდიდატია წარდგენილი, კენჭისყრის პროცედურა მე-11 კანდიდატის კენჭისყრისას შეწყდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კიდევ ორი არამოსამართლე წევრია ასარჩევი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.