ანა ბუჩუკური - ფაქტია, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ქვეყნის ევროპული მომავლით ივაჭრა - წარმოუდგენელია, რაც სხდომათა დარბაზში ხდებოდა, ამას ჰქვია მანდატით ვაჭრობა ვიწრო ინტერესებისთვის
წარმოუდგენელია, რაც ხდებოდა სხდომათა დარბაზში, ამას ჰქვია მანდატით ვაჭრობა ვიწრო ინტერესებისთვის - ფაქტია, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ივაჭრა ქვეყნის ევროპული მომავლით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა ივაჭრა, მათ დარბაზი დატოვეს.
„რაც ვნახეთ დარბაზში, ეს არის ვაჭრობა და ხალხის ხმების გაყიდვა. „ქართულ ოცნებას“ დღევანდელი მოცემულობით 84 მანდატი აქვს, არჩევას ჭირდება 90 ხმა და რამდენიმე კანდიდატზე 93-91 მხარდამჭერი ხმა დაფიქსირდა, კენჭისყრა ფარულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატმა და არა ერთმა და ორმა, ხელისუფლების სასარგებლო კანდიდატს ფარულად დაუჭირა მხარი. 93 ხმით არჩეულის შემთხვევაში, 9 ოპოზიციონერმა დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების“ სასარგებლო კანდიდატს. ჩვენ დავტოვეთ მალევე დარბაზი, ამ პროცესში მონაწილეობა არ მივიღეთ. ასე ხდება ევროპული გზით, ევროპული ინტეგრაციით ვაჭრობა ვიწრო პოლიტიკური თუ პირადი ინტერესების გამო, ეს არის კატასტროფა, წარმოუდგენელია, რაც ხდებოდა დარბაზში, ამას პირდაპირ ჰქვია მანდატით ვაჭრობა. ჩვენ გაცხადებული გვქონდა 2 კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა - ეს არის სულხან სალაძე და კახა წიქარიშვილი თუმცა, ამ კანდიდატებამდე არც მივიდა კენჭისყრები, ისე დავტოვეთ სხდომათა დარბაზი, როცა ცხადი გახდა, რომ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ივაჭრა, ფაქტია, ქვეყნის ევროპული მომავლით, ეს არის რეალობა, რაც ვიხილეთ რამდენიმე წუთის წინ", - განაცხადა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა, კენჭისყრა შეჩერდა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.