იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესისას ოპოზიციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესში პარლამენტის სხდომათა დარბაზი ოპოზიციამ დატოვა.
კანდიდატების კენჭისყრა შეწყდა და პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი იმ ფაქტს მოჰყვა, რომ კენჭისყრის დროს კვალიფიციური უმრავლესობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი არამოსამართლე წევრის არჩევა მოხდა.
არამოსამართლე წევრების ასარჩევად 90-ხმიანი უმრავლესობა იყო საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი უნდა შემდგარიყო და კანდიდატები საერთო მხარდაჭერით აერჩიათ.
წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტში ასეთი პოლიტიკური შეთანხმება არ არსებობდა, თუმცა ფარული კენჭისყრის დროს 93, 91, 93 ხმის უმრავლესობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩიეს.
„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 84 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულმა კანდიდატებმა ხმები ოპოზიციიდანაც მიიღეს.
კენჭისყრაზე სულ 29 კანდიდატია წარდგენილი, კენჭისყრის პროცედურა მე-11 კანდიდატის კენჭისყრისას შეწყდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სულ 5 არამოსამართლე წევრია ასარჩევი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.