Jump to content
Planeta.Ge

კონტრტერორისტულმა ცენტრმა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი, საქართველოს 6 მოქალაქე დააკავა - სუს-ის ცნობით, ისინი რამდენიმე ქვეყანაში სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას გეგმავდნენ


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული მასშტაბური სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა და დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე.

„კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულიატერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მტკიცებულება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, კონტრტერორისტულმა ცენტრმა, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოავლინა გარკვეული ტერორისტული აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით ინფორმაცია ოპერატიულად იქნა გაზიარებული პარტნიორ ქვეყნებთან. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის მიმართ, რომელიც სასამართლოს ბრძანებით მოთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...