Jump to content
Planeta.Ge

დაუშვილი - ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება“ უარს ამბობს სასამართლო სისტემაში სანქცირებული მოსამართლეების დანაშაულებრივი გავლენების აღმოფხვრაზე და საკანონმდებლო დონეზე იმორჩილებს ცესკო-ს


ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება“ უარს ამბობს სასამართლო სისტემაში სანქცირებული მოსამართლეების დანაშაულებრივი გავლენების აღმოფხვრაზე და საკანონმდებლო დონეზე იმორჩილებს ცესკო-ს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმებისა და დაქვემდებარების იმ პროცესის გაგრძელება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია, დაიწყო.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა არის ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია და კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობა. საბჭოს გარდაქმნის გარეშე სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა ვერ მიიღწევა. ამ ფონზე, ხელისუფლებამ უარი თქვა ყველა ცვლილებაზე, რაც საბჭოს უკავშირდება; მათ შორის, ჩვენს ინიციატივაზე შემოღებულ იქნეს უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღების ეგრეთ წოდებული ორმაგი 2/3-ით მიღების, რაც პირდაპირ განაპირობებს უმაღლეს საბჭოში ძალაუფლების კონცენტრაციას“, – განაცხადა დაუშვილმა.

როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ამბობს, აღნიშნულის პარალელურად, „ქართული ოცნება“ ახლა უკვე საკანონმდებლო დონეზე იმორჩილებს ცესკო-ს, რომელიც სასამართლოსთან ერთად, არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების გარანტი უნდა იყოს. დაუშვილის თქმითვე, მმართველი პარტია იცავს სანქცირებულ მოსამართლეებს და უარს ამბობს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების შექმნაზე მათი კორუფციული ფაქტების გამოსავლენად.

„აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას: უარი თქვას ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად სასამართლოს და ცესკო-ს გამოყენებაზე, შეწყვიტოს კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და ევროკავშირის 12 პუნქტი, განიხილოს ჩვენი ინიციატივა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორმაგი 2/3-ით წესის დანერგვაზე, შექმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა დაუშვილმა.

ავტორი - ანი ქაჯაია
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...