Jump to content
Planeta.Ge

„ეს ევროპული სტატუსის საბოტაჟია" - ქალი დეპუტატები რუსეთთან ფრენებზე


„აიკრძალოს საქართველოში რუსეთიდან ფრენები”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა პარლამენტში, სპეციალური ბრიფინგის დროს ისაუბრეს და კიდევ ერთხელ დაგმეს ხელისუფლების გადაწყვეტილება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

ხუთი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს თანხმობა რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე. თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე და ანა ბუჩუკური აცხადებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. მათი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ქვეყანა დასავლეთისგან იზოლაციაში ამყოფოს და საქართველოში რუსულ გავლენებს აძლიერებს.

„იმ ფონზე, როდესაც რუსეთი აძლიერებს ოკუპაციას და ანექსიისკენ დგამს ნაბიჯებს, როდესაც იტაცებს საოკუპაციო ხაზიდან ჩვენს მოსახლეობას, როდესაც მოსახლეობის გაცხადებული სურვილი არის, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს მთავრობა იღებს კრემლისგან „საჩუქარს“ და ამით აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს, საფრთხეს უქმნის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. „ქართული ოცნება” ცდილობს  დასავლეთისგან იზოლაციაში მოაქციოს საქართველო, გააძლიეროს რუსული გავლენები“, – ამბობს თეონა აქუბარდია.

„შეუძლებელია, ქვეყანა ერთი მხრივ, მიისწრაფოდეს ევროპისკენ და მეორე მხრივ, დგამდეს ნაბიჯებს, დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე. ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. სხვა შემთხვევაში, მუშაობა და ილუზიის შექმნა, თითქოს 12 პუნქტი სრულდება, იქნება ფარსი. „ქართული ოცნება“ ამ გადაწყვეტილებით უდიდესი დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს უსაფრთხოებას და ევროინტეგრაციას“, – ამბობს „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი.

„ეს გადაწყვეტილება არის პირდაპირი საბოტაჟირება ჩვენი ევროპული სტატუსის. ყველა გამოკითხვა აჩვენებს და „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა უკავშირდება ჩვენს  ევროპულ მომავალს, ისევე როგორც უსაფრთხოება და სტაბილურობა. პუტინის გადაწყვეტილებები არასდროს უკავშირდება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას, მისი მიზანი არის მხოლოდ გავლენების გაძლიერება ამ ქვეყანაში“, – თქვა ხათუნა სამნიძემ.

„საქართველოს მოქალაქეები ღარიბდებიან და რუსეთის მოქალაქეები მდიდრდებიან საქართველოში. საქართველოს მოქალაქეებს უძვირდებათ ცხოვრება და რუსეთის მოქალაქეებს უიაფდებათ ჩვენს ქვეყანაში გადაადგილებაც და მათ შორის, ახლა შეექმნათ ოკუპანტებს ის კომფორტი, რაც დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.


15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა. სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში, თუმცა ის სანქცირებულია უკრაინის მიერ. კომპანია კვირაში 7 რეისს შეასრულებს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...