Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტი ცესკოს წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატების არჩევის წესში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს


პარლამენტი, 17 მაისის პლენარულ სხდომაზე, ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს.

“საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ.

კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში ცხრა წევრი იქნება და ის პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების რვა წარმომადგენლისგან დაკომპლექტდება.

ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუკი პარლამენტი პირველივე ჯერზე ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას ვერ შესძლებს.

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით აირჩევიან.

“რამდენიმე წელია იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, როცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი ჩიხშია შესული. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის ეფექტიანობის ამაღლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, რაც პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მეორე პუნქტთან, სადაც საუბარია როგორც საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო დახვეწაზე, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე, ჩვენ წარმოვადგინეთ კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან სრულად თავსებადია და რომლის მიზანია მოქნილი და ეფექტური, ამავდროულად, ღია და გამჭვირვალე პროცესიის საფუძველზე მოხდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების შერჩევა“, - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...