Jump to content
Planeta.Ge

ქართველების ეფექტი დოჰაში - ისტორიული მსოფლიოს ჩემპიონატი


ზღაპრის ბოლო კეთილია კი არა, ზოგჯერ მაგაზე მაგარია. ნამდვილად არ ვიცი, როგორი დასასრული აქვს კ()ატარულ ზღაპრებს, მაგრამ ჩვენი წლევანდელი მსოფლიო დონის ზღაპარი ასე ფანტასტიკურად რომ დასრულდა, ახლა ამაზე მხოლოდ ეროვნულ დონეზე კი არა, მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ, წერენ და უჩვენებენ. 

დოჰა 2023 სამუდამოდ დარჩება ქართული და მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში. ქართველი ჯუდოკებისა და შერეული გუნდის არაჩვეულებრივ გამოსვლას რამდენიმე დღის განმავლობაში თვალს სუნთქვაშეკრულები ვადევნებდით. გუნდური ასპარეზობის დროს რასაც განვიცდიდი, ასეთი კარგა ხანია არაფერი დამმართია. პირველად ისტორიაში, ჩვენმა შერეულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიგო და ამით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა. ამ ამბავში, ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ამასობაში, ქართველი გოგონები ტატამზე ანგარიშგასაწევ ძალად იქცნენ. ქართველი გულშემატკივრისთვის ნამდვილი აღმოჩენაა 19 წლის ეთერ ასკილაშვილი  თამამი, უშიშარი, თავდადებული, ძალიან ნიჭიერი და ჯერ ძალიან გამოუცდელი. სწორედ, მისმა მოგებულმა ორთაბრძოლამ მოუტანა ჩვენს გუნდს მერვედფინალის საგზური. გუნდზე და გუნდურობაზე ქვემოთ ცალკე ვისაუბრებთ. ახლა, მივყვეთ ფაქტებს, ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც დოჰას მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირდა:

  • დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქრო პირველად მოიპოვა   ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე; 
  • დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი ჯუდოკა, ვინც ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია; 
  • ისტორიაში პირველად  ქართული ფინალი მსოფლიოს ჩემპიონატზე  ლუკა მაისურაძე Vs ლაშა ბექაური (-90 კგ); 
  • ისტორიაში პირველად  პირველი ადგილი ვაჟთა საერთო ჩათვლაში (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)
  • ისტორიაში პირველად  ბრინჯაოს მედალი შერეულ გუნდურ ასპარეზობაში და 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია; 

publika.ge-1-15-1024x683.jpg

ტატოს დაცული ტერიტორიები

2020 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, პირველივე ტურნირზე რადიკალურად შეცვლილი ტატო გრიგალაშვილი ვნახეთ. ტოკიოში განცდილი მარცხის შემდეგ, გრიგალაშვილმა საოცარი გარდატეხა მოახდინა საკუთარ თავში და მერე მსოფლიოს ყველა იმ ტატამზე, სადაც გავიდა. გავიდა და ბოლო წლებია, ქვას ქვაზე არ ტოვებს. სტაბილურობისა და თავდაჯერებულობის სიმბოლო, 23 წლის ორგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. 

დოჰაში ტატომ ტიტული ისე დაიცვა, ერთი კითხვის ნიშანიც არ გაჩენილა. ქართველი ჯუდოკა -81 კგ წონითი კატეგორიის ყველა სპორტსმენზე ერთი თავით მაღლა იდგა. ½ ფინალამდე ტატო მშვიდად მივიდა. თავის სტილში, დინჯად და დაკვირვებულად, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა აშრაფ მოუტი (მაროკო, იპონი), შოდმონ რიზოევი (ტაჯიკეთი, ვაზარი), ვაჰიდ ბორჩაშვილი (ავსტრია, ვაზარი). პირადად ჩემთვის, გამორჩეული იყო ნახევარფინალური ბრძოლა კორეელი ჯონჰვან ლის წინააღმდეგ, რომელიც ტატომ 35 წამში (!), ორი ვაზარით მოიგო. ფინალში კი, ბოლო წლების ელ კლასიკო ვიხილეთ  გრიგალაშვილი მატეას კასეს (ბელგია) წინააღმდეგ. 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი კასემ მოიგო. ბოლო ორი წელია კი, ბელგიელი სახლში ვერცხლის მედლით ბრუნდება. 

დაღვინებულ ტატოს მშვიდი და დაკვირვებული ჭიდაობა ახასიათებს. არ ჩქარობს, ხელსაყრელ მომენტს მოთმინებით ელოდება. ერთი სიამოვნებაა მისი ულამაზესი, დომინანტური სტილით ტკბობა. იმდენად დაიხვეწა და იმდენად მრავალმხრივი გახდა, ვერც ივარაუდებ, რა ილეთს გააკეთებს, სიურპრიზს საიდან შემოგთავაზებს. ისეთი თავდაჯერებულია და ისეთ ნდობას გიჩენს, რომ შენც აღარ ნერვიულობ. 

ტატომ ტიტული ფინალური ორთაბრძოლის დამთავრებამდე 50 წამით ადრე, ეფექტური ვაზარით დაიცვა. აქ მეფე ერთია  ეს ტატოს ტიტულია! 

ამავე დღეს, -63 კგ წონითი კატეგორიის ფრანგი დედოფლის, კლარის აგბენენუს დიდი დაბრუნება ვნახეთ. კლარისი შარშან დედა გახდა და ლოგიკურად, ბევრი ტურნირი გამოტოვა. მათ შორის, შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც იაპონელებმა დრო იხელთეს და მის არყოფნაში გაგულავდნენ“. დოჰაში აგბენენუ გამოჩნდა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა  კლარისმა მსოფლიოს ჩემპიონობა მეექვსედ იზეიმა. დედოფალი დაბრუნდა, გაუმარჯოს დედოფალს! 

ოქროვერცხლი ვისია? ჩემ და ჩემი ძმისია

ტატო გრიგალაშვილის ტრიუმფიდან ერთი დღეც არ გასულიყო, რომ ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ ახალ ემოციურ შოკში ჩაგვაგდეს. 

ვყურებდი ფინალს, სადაც ერთმანეთის პირისპირ ორი ქართველი ჯუდოკა იდგა და ყველა წამი ისტორიული იყო. რაზე უნდა გვენერვიულა? ოქროც ჩვენი იყო და ვერცხლიც. -90 კგ წონით კატეგორიაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიც ჩვენია და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონიც. 

publika.ge-maisuradze-bekauri-1024x702.j

მაისურაძემ და ბექაურმა წინასწარი შეხვედრები საოცრად ეფექტურად გაიარეს. ერთ რამედ ღირდა მათი ორთაბრძოლების ცქერა. ბექაური თავის სტილში  მოქნილი და დამაბნეველი მოძრაობებით, ელვისებური გადავლებებით“, ყველა ორთაბრძოლის შემდეგ რომ ელოდები, შოუ როდის გაგრძელდება. აი, ისეთი შოუ, ნახევარფინალში იაპონელ სანშირო მურაოსთან რომ დადგა. 

მაისურაძე მკვლელი ინსტინქტებით, ერთმანეთზე უკეთესი გდებებით, დინჯად, ჭკვიანურად და დაკვირვებულად, თითქმის გაუვალი დაცვითი სტრატეგიებით; დაუნდობელი დომინაციით, აი, მიხაელ ზგანკს რაც დამართა 1/8 ფინალში. 

ფინალშიც მაგრად იმუშავა ლუკას დაცვამ“, საოცრად იდგა და წამის იმ მეასედში ის საოცარი ილეთიც უმაღლეს დონეზე შეასრულა, რამაც მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი მოუტანა. კიდევ ერთი ახალი მსოფლიოს ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 

ფაქტი ერთია, 2024 წლის ოლიმპიადისთვის თამასა ძალიან ზემოთაა აწეული და ამ წონაში ქართველების დომინაციასაც წყალი არ გაუვა; ისევე, როგორც აწი ნაპოლის ჩემპიონობას. 

გუნდურად გუნდისთვის

ის, რაც გურამ თუშიშვილმა გუნდურ ასპარეზობაში ჩაატარა“ (მაპატიეთ, სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ), გულს უფრო გვწყვეტს, რომ ასეთ ფორმაში მყოფი მძიმეწონოსანი ინდივიდუალურ ჩათვლაში უმედლოდ დარჩა. 

ინდივიდუალური ასპარეზობის ბოლო 2 დღე უმედლოდ დავასრულეთ. -100 კგ წონით კატეგორიაში ტურნირს 1/8 ფინალიდან დაემშვიდობა ვარლამ ლიპარტელიანი. ძალიან ნიჭიერი ილია სულამანიძე კი, ¼ ფინალში რუს არმან ადამიანთან დამარცხდა, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. თუმცა, ამ ფაქტზე ამ სასიამოვნო სტატიაში არ ვისაუბრებთ. ილიას ბრინჯაოს შანსიც ჰქონდა, მაგრამ იქ აზერბაიჯანელმა ზელიმ კოცოევმა აჯობა და მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. 

ინდივიდუალური შეჯიბრის დასკვნით დღეს, ერთი ორთაბრძოლა მოიგო სოფო სომხიშვილმა (+78 კგ) და შემდეგ, 1/8 ფინალში თურქ, გამოცდილ მოწინააღმდეგესთან გაფრთხილებებით დამარცხდა. 

როგორც ზემოთ ვთქვით, უმედლოდ დარჩა გურამ თუშიშვილი (+100 კგ), რომელიც აშკარად კარგ ფორმაში ჩანდა და იაპონელ ამომავალ ვარსკვლავთან, ტაცურო საიტოსთან დაშვებული ერთი საბედისწერო შეცდომის გამო, შეჯიბრებას გამოეთიშა. მძიმე წონის მეფის გვირგვინი კი, უკვე მეთერთმეტედ (!) ლეგენდარულმა ტედი რინერმა დაიდგა. 

თუმცა, გურამმა საოცრად იასპარეზა გუნდურ შეჯიბრში. თუშა ნაკრების შემადგენლობაში 1/8 ფინალიდან გამოჩნდა და მიყოლებით 4 შეხვედრა მოიგო. საყურადღებოა, რომ საიტოსთან რევანში მან ¼ ფინალში, საოცარი იპონით აიღო, მაგრამ გოძილებმა გვაჯობეს და ფინალისკენ გზა მათ გააგრძელეს. ჩვენ კი, რეპეშაჟში ჯერ უზბეკეთის ნაკრებს ვძლიეთ; ბრინჯაოს ფინალში კი, გერმანიას 4:2 მოვუგეთ. გადამწყვეტი ბრძოლა ეთერ ლიპარტელიანს მოუწია და ეს ჩვენთვის ახალი სიხარული, სწორედ, მისი მოგების შემდეგ გამოვცადეთ. ლიპომ გუნდისთვის 2 ორთაბრძოლა მოიგო; ასევე 2 მოგებაა სოფო სომხიშვილის ანგარიშზე. ერთი გამარჯვებით კი, გუნდს მონღოლეთის ნაკრებთან ეთერ ასკილაშვილი შეეწია. 

ბრწყინვალე იყო -90 კგ წონის ქართული ვარსკვლავური დუეტი  ბექაური და მაისურაძე. ლაშამ ორი შეხვედრა მოიგო; ლუკამ კი, რომელსაც 1/8 ფინალში რთული მისია ხვდა წილად და ზედიზედ ორი დაპირისპირება მოუწია, ამოცანას თავი მშვენივრად გაართვა და საერთო ჯამში, გუნდს 3 მოგება მოუტანა. 

სულ სხვანაირად მოტივირებული ლაშა შავდათუაშვილი ვნახეთ გუნდურ შეჯიბრში და სწორედ ესაა ამ ფორმატის სპეციფიკა  ტატამზე თუ მის გარეთ, მუდმივ ბრძოლაში ხარ ჩაბმული, წამით ვერ დუნდები და სხვისი ბრძოლაც შენი ბრძოლაა. 

თქვენი არ ვიცი და მე უკვე მოუთმენლად ველოდები ამ გუნდს სხვა დიდ ტურნირებზე, უფრო შეკრულს, უფრო გამოცდილს და გაცილებით დიდი მიზნებისთვის მებრძოლს. 

მატტე! 

 

ეკა ელოშვილი avatar
ეკა ელოშვილი

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...