Jump to content
Planeta.Ge

კობახიძე: ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა „როსავიაციაში“ ნიშნავს სანქციების დაწესებას


მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ფრენებთან დაკავშირებით ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა „როსავიაციაში“ ნიშნავს სანქციების დაწესებას.

„ჩვენ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ, აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მკაფიო და ნათელია. ეს მიდგომა აბსოლუტურად გასაგებია და ამასთან დაკავშირებით ჩვენმა ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა მკაფიო განცხადება. ითქვა, რომ სანქცირებული ბორტები არ იქნება მიღებული, მაგრამ არასანქცირებული ბორტები იქნება მიღებული. აქაც იყო სპეკულაციები, იგივე დოკუმენტების გაგზავნასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის რომ იყოს ნათელი, ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა ნიშნავს სანქციების დაწესებას, აქედან გამომდინარე, ესეც არ არის ის საკითხი, რომელზეც სპეკულაციებს შეიძლება ჰქონდეს საფუძველი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„როსავიაცია“ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოა. 15 მაისიდან  ძალაში შევიდა კრემლის განკარგულება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ასევე, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით აღდგა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან.

დღეს განცხადება გაავრცელა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. მათი ცნობით, დღეის  მდგომარეობით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული“, – ნათქვამია საავიაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...