საქართველოში ერდოღანმა არჩევნები წააგო
თურქეთის არჩევნებისთვის საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ოპოზიციამ მოიგო როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო კენჭისყრა. ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, “ანადოლუს” პარალელური დათვლის შედეგებიდან ვიგებთ.
სააგენტოს თანახმად, გახსნილია საარჩევნო ყუთების 100%. “ანადოლუს” ცნობით, საქართველოში მყოფ თურქეთის მოქალაქეთა შორის აქტივობამ, ჯამში, 43.93% შეადგინა. 1013 საპრეზიდენტო ბიულეტენიდან 8 გაბათილდა.
ამ მონაცემებით, ამომრჩეველთა 63.58%-მა თურქეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერსა და ერდოღანის მთავარ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს მისცა ხმა. ერდოღანს 31.34% აქვს, მესამე კანდიდატს, სინან ოღანს კი — 3.88%.
მუჰარემ ინჯეს, რომელმაც არჩევნებამდე 3 დღით ადრე მოხსნა კანდიდატურა, 1.20% აქვს.
“ანადოლუს” მიხედვით, საპარლამენტო კენჭისყრაში, რომელშიც 1013-დან 10 ბიულეტენი გაბათილდა, ქილიჩდაროღლუს “რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ”(CHP) 43.07% დააგროვა, მისმა მოკავშირემ, “კარგმა პარტიამ”(IYI) კი — 9.17%. ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიას”(AKP) 22.23% აქვს, მის მოკავშირეს, “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას”(MHP) — 5.48%.
ოპოზიციურმა “მწვანე მემარცხენე პარტიამ”(YSP) საქართველოში 6.88% დააგროვა. მისი სახელით არჩევნებში თურქეთის მთავარი პრო-ქურთული პარტია, “ხალხთა დემოკრატიული პარტია”(HDP) მონაწილეობდა. HDP-მ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში მისი დახურვის მოთხოვნით მიმდინარე საქმის თანმდევი რისკის გამო მიიღო.
საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეთა შორის ერდოღანმა და მისმა პარტიამ 2018 წელსაც წააგეს არჩევნები.
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს, თუმცა ვერც ერთი კანდიდატი აგროვებს ხმათა 50%-ზე მეტს. ეს მეორე ტურს ნიშნავს.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს: თურქეთის “ცესკოს” შედეგი ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა პარალელური დათვლის მიხედვით, ერდოღანის პარტია და მისი მოკავშირეები უმრავლესობას კრავენ.
20 წელია, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთს მართავს. რიგი ფაქტორების, მათ შორის, ქვეყანაში გამწვავებული ეკონომიკური პრობლემებისა და ოპოზიციის ერთიანობის ფონზე, 14 მაისის არჩევნები ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო უკანასკნელ ათწლეულებში.
თუ ოფიციალურად დადასტურდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თურქეთში 28 მაისს უნდა ჩატარდეს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.