Jump to content
Planeta.Ge

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება


თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება.

თურქეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში სამ კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება; ესენი არიან: ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ და ასევე – სინან ოგანი. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა.

საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნება და საღამოს, 17:00 საათზე დაიხურება.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება სულ 64.1 მილიონ მოქალაქეს ექნება. ხუთ მილიონამდე ამომრჩეველი პირველად მისცემს ხმას.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს ვიდეოს გადაღება აკრძალული ექნებათ. შესაბამისად, უბანზე მობილური ტელეფონებით ან კამერებით შესვლა დაუშვებელია.

ამომრჩევლები საკუთარ არჩევანს ორ სხვადასხვა ბიულეტენზე დააფიქსირებენ და ერთ კონვერტში მოათავსებენ.

პირველ რიგში დაითვლება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში სპეციალური საარჩევნო უბნები კონტეინერებში გახსნა.

ამასთან, არჩევნების დღეს აკრძალული იქნება ალკოჰოლის გაყიდვა, დახურული იქნება გასართობი დაწესებულებები.

მედიასაშუალებებში ადგილობრივი დროით საღამოს 18:00 საათზე დაუშვებელი იქნება საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება.

არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო საბჭო გაავრცელებს. მათი გასაჯაროება ადგილობრივი დროით საღამოს 21:00 საათზე მოხდება.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...