თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ცხვრის ფარა ზვავში მოყვა
დიდთოვლობის გამო თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ცხვრის ფარა ზვავში მოყვა და დაახლოებით 50-მდე სული დაიხოცა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ცხვრის მეპატრონემ, ზვიად იჩუკაიძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, თოვლი მაშინ ჩამოწვა, როცა ღამის სადგომიდან ცხვარი გამოიყვანეს.
„გზის გაგრძელებას ვაპირებდით, თავდაღმართი ადგილია და ცხვრის ნაწილი მოულოდნელად ზვავში მოყვა, ჩამარხა... რამდენიმე დღით ადრე აქ სხვა მეცხვარეებმაც გაიარეს, მაგრამ არაფერი მომხდარა. ახლა დიდი თოვლია. საფრთხე აღარ არის, უკვე სოფელ ხისოში ვართ. ჩემი მეგობარი მეცხვარეც ზვავში მოყვა, კინაღამ ფეხები დაამტვრია, ძლივს ამოვიყვანეთ. კარგადაა, არაფერი არ სჭირს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მეცხვარე ზვიად იჩუკაიძემ.
მისი ინფორმაციით, წელიწადის ამ დროს, ასეთი მასშტაბური სტიქია არ ახსოვს.
მეცხვარეებს ყოველ წელს ზამთრის საძოვრებიდან ცხვარი ზაფხულის საძოვრებზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მთაში მიჰყავთ. კახეთში უმეტესად თუშეთში. ბარიდან, სოფელ ზემო ალვანიდან, საძოვრებამდე დაახლოებით 70 კილომეტრია.
დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ყოველთვის ოქტომბრიდან მაისის ნახევრამდე იკეტება.
გზის ნაწილი კლდეებსა და მთებზე გადის და ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.