Jump to content
Planeta.Ge

დადგენილია უკრაინაში დაღუპული 22 ათასზე მეტი რუსი სამხედროს ვინაობა - BBC და Mediazona


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სულ მცირე, 22 644 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ფრონტზე, მათგან 2100 მობილიზებულია. სამხედროების ვინაობა მედიაზონასა და BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა დაადგინეს.

ღია წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით (მედიაში ნეკროლოგები, დაღუპულთა ნათესავების პოსტები სოციალურ ქსელებში და ა.შ.), ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა დაადგინეს, რომ 10 230 რუსი სამხედრო დაიღუპა 2022 წლის 1 დეკემბრიდან, როდესაც რუსული არმია ცდილობდა შეტევას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების რაიონებში.

ამ დროის განმავლობაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ნახევარზე მეტი მოხალისეები, მობილიზებულები და პატიმრები არიან. საუბარია გამომძიებლების მიერ იდენტიფიცირებულ 5522 ჯარისკაცზე. აქედან 3100 პატიმარია, რომლებიც მონაწილეობდნენ დონეცკის რეგიონში სოლედარსა და ბახმუტზე თავდასხმებში.

ამავდროულად, ჟურნალისტების მიერ დადასტურებული დანაკარგების რაოდენობით რუსეთის რეგიონებს შორის ლიდერობენ სვერდლოვსკის ოლქი (869 დაღუპული), კრასნოდარის ტერიტორია (850 დაღუპული) და ჩელიაბინსკის ოლქი (737 დაღუპული). ამასთან, ცნობილია მოსკოვიდან 142 გარდაცვლილი, ხოლო პეტერბურგიდან - 202.

დაღუპულთა რეალური რიცხვი, გამომძიებლების აზრით, შეიძლება რამდენჯერმე მეტი იყოს. გარდა ამისა, უცნობია დაკარგულთა და დატყვევებულთა რაოდენობა.

მანამდე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა 20 000 ადამიანი უკრაინაში, მათგან ნახევარი ვაგნერელი იყო. მისი თქმით, ზარალის მნიშვნელოვანი ნაწილი ბახმუტს დაეცა. ამ და სხვა მიმართულებით ბრძოლებში კიდევ 80 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს მონაცემებს უკრაინასთან ომში დაღუპული ჯარისკაცების, მოხალისეებისა და პატიმრების რაოდენობის შესახებ.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...