Jump to content
Planeta.Ge

მომავალ კვირაში ვითათბირებთ — გაიაშვილი რეისებზე რუსეთში


ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი მიესალმება რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.

როგორც მან სააგენტო Avianews.ge-ს უთხრა, რეისების დასაგეგმად გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო.

“ჯერჯერობით [რუსულ მხარესთან] არანაირი მოლაპარაკებები არ დაგვიწყია. თუმცა მივესალმები სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილებას.

ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს.

დაველოდები მოვლენების განვითარებას, რადგანაც ბევრი რამეა კიდე საჭირო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ დღეში რეისი არ იწყება და რეისის დაგეგმვა შეუძლებელია”, — ციტირებს გაიაშვილს Avianews.ge.

რუსული მედიის თანახმად, რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას უკვე მომდევნო კვირიდან შეძლებენ. თავის მხრივ, გაიაშვილი Georgian Airways-ის მაგალითზე აცხადებს, რომ კომპანიას ფრენების დასაწყებად მომზადება სჭირდება, რადგანაც რეისების დაგეგმვა ერთ დღეში არ ხდება.

“რუსული მხარე შესაძლოა მომზადებულია, მაგრამ მე მომზადებული ჯერ არ ვარ. მომავალ კვირაში ავიაკომპანიაში თათბირი ჩატარდება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ.

ჩვენ დაინტერესებული ვართ, რასაკვირველია. ჯერ ერთი ეს ჩვენს ხალხს დაეხმარება. ვინმემ გამაგებინოს, რატომ უნდა იარონ ერევნის, ბაქოს, თურქეთის გავლით? ვინმემ თქვას, თუ შეიძლება რუსეთში წასვლა ველოსიპედით, მანქანით და ტრაქტორით, თვითმფრინავით რატომ არ შეიძლება?

თუ დემოკრატიაა, მივცეთ ხალხს არჩევანი”, — აღნიშნავს ის.


ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა. აგრეთვე, გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენები რუსეთმა 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დაჯდომამ პროტესტი გამოიწვია.

ბოლო დროს რუსული მხარე აქტიურად საუბრობდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე. მმართველ პარტიაში მოვლენათა ასეთ განვითარებას მიესალმებოდნენ, თუმცა წინააღმდეგი იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოსნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგიის ქონა უნდა იყოს და „არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა“.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მომართვის შემთხვევაში, რუსული კომპანიები, რომლებსაც სანქციები არ დაუწესდათ, ფრენების განხორციელებას შეძლებენ.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...