EU: საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე
ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო გამოეხმაურა კრემლის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასა და ფრენების აღდგენაზე.
11 მაისს გამართულ ბრიფინგზე მან მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, "მათ შორის ავიაციის სექტორში."
"ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ ცნობა რუსეთის ხელისუფლებისგან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ. ამ კონტექსტში ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა ქვეყანამ სანქციები დაუწესეს რუსულ ავიაციის სექტორს - ჩვენ ავკრძალეთ ფრენები რუსეთში, რუსეთიდან და რუსეთის გავლით.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც ისწრაფვის გახდეს კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის ავიაციის სფეროში. ასევე შეინარჩუნოს სიფხიზლე არსებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, განსაკუთრებით, ავიაციის სექტორში".
პიტერ სტანომ ასევე ისაუბრა უსაფრთხოების პრობლემებზე, რომლებიც რუსულ თვითმფრინავებს აქვთ, დღეს დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე:
"უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე.
სანქციების გამო რუსული თვითმფრინავების პარკის 95%-ს არ შეუძლია თვითმფრინავების განახლება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხია".
რაც შეეხება რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენის თემას, ამაზე პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, ისარგებლებენ თუ არა ამით.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. "ამერიკის ხმისთვის" გაგზავნილ წერილობით კომენტარში ნათქვამია, რომ რუსეთს, რომელსაც იგი სასტიკ რეჟიმად მოიხსენიებს, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა.
"ამ სასტიკ რეჟიმს მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა - ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ, ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის ჯარი გაიყვანოს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან", - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.