„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა: „ოცნება“ -53%, ენმ-19%
GORBI-მ სამთავრობო არხის, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
„გორბის“ კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასეთია:
„ქართული ოცნება“ – 53 %
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 19 %
„ლელო“ – 4 %
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 3 %
„ლეიბორისტული პარტია“ – 3 %
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 2 %
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2 %
„ევროპული საქართველო“ – 2%
„საქართველოსთვის“ – 2 %
„მოქალაქეები“ – 2 %
„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – გირჩი 1 %
სხვა პარტიები – 7 %
„იმედის“ ინფორმაციით, მათი დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, პოლიტიკური ნაწილის გარდა, სხვა აქტუალურ საკითხებსაც მოიცავს და საზოგადოების განწყობას გამოხატავს. კვლევის სრულ შედეგებს „იმედი“ მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
მეთოდოლოგია: „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ კვლევა 22 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ჩაატარა. წარმომადგენლობითი შერჩევით, ქვეყნისა და თბილისის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წესით, საქართველოს 2026 მოქალაქე გამოიკითხა. 59%, ანუ 1212 რესპონდენტი სავარაუდო ამომრჩეველია, რომელიც, სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ 2 შეკითხვაზე პასუხისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონეთა თვითგაცხადებული ხმის მიცემის ისტორიის მიხედვით გამოვლინდა. ცდომილების ზღვარი: ქვეყნის მასშტაბით რიგითი მოქალაქეების გამოკითხვის შემთხვევაში – +/- 2.2%-ია. ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო ამომრჩევლის შემთხვევაში – +/- 2.9%-ი.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის (IRI) საზოგადოების აზრის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით პარტიულ რეიტინგში „ქართულ ოცნებას“ 19% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 14%.
3 მაისს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კი – ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მოსახლეობის 20% „ოცნებას“ მისცემდა ხმას, 5% – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.