სამხარაძე: რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს საქართველოს ევროინტეგრაციის გზა დააზიანოს.
„მინდა, როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდო, რომ დააკვირდნენ იმ დროს და მომენტს, რომელიც შეარჩია რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით.
რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, რადგან უნდა, რომ შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს, საქართველო ახლოს თანამშრომლობს რუსეთთან. ამიტომ, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, თუ რისთვის გადაიდგა ეს ნაბიჯი ახლა, ამ მომენტში, 20 წლის თავზე და რა იყო ის პირობები, რამაც რუსეთის ხელისუფლებას უბიძგა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შეემსუბუქებინა სავიზო რეჟიმი.
რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ და ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 20 წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკა შეეცვალა და სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა“, -განაცხადა სამხარაძემ. მის კომენტარს სამთავრობო არხი „იმედი“ ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულების მიხედვით, რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას აუქმებს. ასევე, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენის აკრძალვაც მოხსნა.
რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან გაუქმდება. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.
რაც შეეხება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენაზე აკრძალვის მოხსნას, უკვე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება საქართველოში ფრენის აკრძალვის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადდა.
რუსული ავიაკომპანიები მოსკოვიდან თბილისში, კვირაში 7 პირდაპირ რეისს შესრულებენ. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ უთხრა რუსულ მედიას.
2000 წელს საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა დსთ-ის ქვეყნებიდან, რომელსაც რუსეთმა დაუწესა სავიზო რეჟიმი. 2006 წელს რუსეთმა დააწესა ემბარგო ქართული პროდუქციის იმპორტზე, შეწყდა, საჰაერო მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის. იმავე წლის ზამთარში რუსეთმა საქართველოს მოულოდნელად შეუწყვიტა გაზის მიწოდება.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 2012 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა.
2019 წელს პუტინის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ – როდესაც დიდი სახალხო პროტესტი მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და სესიის რუსულ ენაზე ჩატარებას.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.