Jump to content
Planeta.Ge

პრიგოჟინი: ჭურვებს ისევ არ გვაძლევენ, მოგვატყუეს, ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღე დავრჩებით


კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი რუსი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი საკუთარი პრესსამსახურის მეშვეობით ავრცელებს ვიდეოს სათაურით – "ჭურვებს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს ჯერ კიდევ არ აძლევენ". 

პრიგოჟინის მტკიცებით, მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო განკარგულება, რომელშიც ნათქვამია, რომ პოზიციების დატოვება აღქმული იქნება როგორც სამშობლოს ღალატი. პრიგოჟინის თქმით, თუ ვაგნერი ჭურვებს ვერ მიიღებს, ისინი ფრონტს მაინც დატოვებენ და დასვამენ კითხვებს, თუ ვინ ღალატობს ქვეყანას რეალურად.

"გუშინ მოგვივიდა სამხედრო ბრძანება, რომელშიც ხაზგასმით იყო ნათქვამი, პირველი, რაც მთავარია – პოზიციების დატოვება სამშობლოს ღალატად გამოცხადდებაო. ამას ჩვენ გვეუბნებიან. თუ არ იქნება საბრძოლო მასალები, ჩვენ პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინ ღალატობს სამშობლოს. როგორც ჩანს ის, ვინც ხელი მოაწერა. მეორე, ამ საბრძოლო ბრძანებაში ეწერა, რომ ვალდებული არიან, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი მოამარაგონ აბსოლუტურად ყველაფრით, რაც საჭიროა... როგორც ჩანს, მან, ვინც ხელი მოაწერა, ეს განცხადება ემოციურად გააკეთა თავის საბრძოლო განკარგულებაში, რადგან ეშინოდა, რომ წავიდოდით და მივიდოდნენ მასთან, როსტოვში. მასთან როსტოვში კი უკრაინელები მივლენ, თუ ფრონტი ჩამოიშლება. დღეს ყველაფერი კეთდება, რომ ის ჩამოიშალოს. დღეს თავდაცვის სამინისტროს ერთი ქვედანაყოფი გაიქცა ჩვენი ერთ-ერთი ფლანგიდან. პოზიციები მიაგდეს. ყველა გაიქცა... მესამე, ნათქვამი იყო, რომ ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს [გენერალი სერგეი] სუროვიკინი. პასუხს ჯერ ვერ ვიღებ". – თქვა პრიგოჟინმა..

პრიგოჟინის მტკიცებით, რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმა ვაგნერისთვის გამოყოფილი შეიარაღება, რაც თავდაპირველად ბრძანებაში იყო გაწერილი, საკუთარი ხელით ათჯერ შეამცირა. პრიგოჟინი თავდაცვის სამინისტროს ურჩევს, რომ მოთხოვნილი საბრძოლო მასალები გააორმაგონ და ისე გადასცენ.

"რა უნდა გაკეთდეს? თუ მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ომის მოგება უნდათ, ჩვენს განაცხადს აიღებდნენ, 20%-ს დაამატებდნენ ან გააორმაგებდნენ [ჭურვების რაოდენობას] და გვეტყოდნენ - ბიჭებო, აიღეთ, წადით და იბრძოლეთო. თუ ჩვენი განადგურება უნდათ, მოგვცემდნენ ამ [მოთხოვნილი რაოდენობის] საბრძოლო მასალას, წავიდოდით და დავიხოცებოდით არტიომოვსკში (ბახმუტი) და მათ ასეთი პრობლემები არ ექნებოდათ. შემდეგ შეექმნებოდათ, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე, როცა ხალხი მათთან ფიწლებით მივიდოდა, და წაგებული ომით ნაშოვნი ფულით აშენებულ სახლებთან ფიწლებზე წამოაცვამდა. ამიტომ, საბრძოლო მასალები უნდა გააორმაგონ და მოგვცენ, ეს მათთვის ჩემი რჩევაა".

პრიგოჟინი ფაქტს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები გარბიან, მათი მეთაურების დავალებებს აბრალებს და ამბობს, რომ "თევზი თავიდან ყროლდება". ამას გარდა, მისი თქმით, 9 მაისის გამარჯვება "პაპების" გამარჯვებაა და თავად ახლა ოდნავადაც არ ეკუთვნით. 

რუსი ოლიგარქის თქმით, ვაგნერი მოატყუეს, ჯერ დაჰპირდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა, შემდეგ კი მიაწოდეს მოთხოვნილი საბრძოლო მასალის მხოლოდ 10%. მისი თქმით, ბახმუტს ჯერ არ დატოვებენ და კიდევ რამდენიმე დღე გაჩერდებიან.

"7 რიცხვში ჩვენ დაგვპირდნენ, რომ [საბრძოლო მასალას] მოგვცემდნენ. 8-ში, 2 საათზე მივიღეთ საბრძოლო განკარგულება, რომ მოგვცემდნენ ყველაფერს, დღეს 9 რიცხვია, 8-ში იყო თათბირი, რომლის შემდეგაც გადმოგვცეს მოთხოვნილი რაოდენობის 10%. ჩვენ უბრალოდ თავხედურად მოგვატყუეს. არტიომოვსკიდან არ გავალთ, კიდევ რამდენიმე დღე გავჩერდებით, ვიბოდიალებთ". – თქვა პრიგოჟინმა. 

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

კადიროვი პუტინს სწერს, რომ ბახმუტში ვაგნერის ახმატის ძალებით ჩანაცვლების მითითება გასცეს

ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს. 

7 მაისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფს დაჰპირდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთან შუამავლად გენერალი სერგეი სუროვიკინი დაუნიშნეს.

ტაბულა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...