Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ცესკო - სთან დაკავშირებით ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მომდევნო არჩევნების ბედი გადაწყდება ბატონი ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში


ცესკო - სთან დაკავშირებით ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მომდევნო არჩევნების ბედი გადაწყდება ბატონი ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება, ხოლო ასარჩევად სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა) იქნება საჭირო.

მისი თქმით, ცვლილებების დაინიცირება მოწმობს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების გასაყალბებლად უკვე ემზადება. ლილუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია და "ქართულ ოცნებაზე" წნეხის შენარჩუნება, რომ მსგავსი ცვლილებები არ განხორციელდეს.

"ეს ცვლილებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლება შუალედური არჩევნების ზარ - ზეიმით ჩატარების შემდეგ დადგა მკაფიო მოცემულობის წინაშე, რომ არანაირი რესურსი გარდა არჩევნების გაყალბებისა ხელისუფლების შესანარჩუნებლად არ აქვს და ამავდროულად ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში მომდევნო არჩევნების ბედი გადაწყდება ბატონი ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მოახდინოს მაქსიმალური მობილიზაცია მომდევნო არჩევნებზე, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს არჩევნების გაყალბების საშუალება. ამავდროულად პარლამენტში ოპოზიციური პარტიების მხრიდან უნდა იქნას პოლიტიკურ დღის წესრიგში ეს საკითხი არსებითად შემოტანილი, რადგან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სასამართლოს და სხვა ინსტიტუტების შემდეგ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით ასეთი ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნების გაყალბებაზე "ქართული ოცნება" უკვე მუშაობს და უკვე კანონით აფორმებს ამ რეალობას,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა "ლელოსთან" შესაძლო კოალიციური თანამშრომლობის თაობაზე ინფორმაციას და აღნიშნა, რომ ალიანსის საჭიროება მათთვის არ დგას, ხოლო "ლელოსთან" მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობენ.

"საარჩევნო ბარიერის გადალახვის თვალსაზრისით ალიანსების საჭიროება ჩვენთვის არ არსებობს, რადგან ბარიერის გადალახვის პრობლემა არც დღეს დგას პარტია "საქართველოსთვის" და არც მომავალში იქნება. რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ევროპული მომავლის გადარჩენისთვის "ლელოსთან" თანამშრომლობაზე ჩვენ კომპლექსები არასდროს გვქონია და გავაგრძელებთ თანამშრომლობას,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...