Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტი ბოლო 8-წლიან მაქსიმუმზეა - სად ვყიდულობთ პროდუქტს


საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტის მოცულობა 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია და მიმდინარე წინასეზონურ პერიოდში, ანუ დეკემბერ-აპრილში ამავე თვეების ბოლო 8-წლიან საშუალო მაჩვენებელს 45%-ით აღემატება. ამის შესახებ პორტალ EastFruit-ის მონაცემებში არის ნათქვამი.

საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტი დეკემბერში იწყება, ხოლო აქტიური საიმპორტო თვეები თებერვალი, მარტი და აპრილია. იმპორტის პიკი აპრილშია, მაისში კი საგრძნობლად იკლებს და მომდევნო წლის დეკემბრამდე, პრაქტიკულად, ჩერდება.

ვაჭრობის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წინასეზონურ პერიოდში იმპორტის საშუალო თვიური CIF-ფასები (ღირებულება, დაზღვევა, ფრახტი, ანუ გადაზიდვა) 1 კგ-ზე 0.80-დან 1.00 დოლარამდე (2-დან 2,5 ლარამდე) მერყეობს. ეს, წლიური თვალსაზრისით, დაახლოებით, 5-10%-იანი ზრდაა, თუმცა ეროვნული ვალუტის გამყარების გამო ლარში ფასები შემცირდა.

 

წინა წლების მსგავსად, საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტი ახლაც გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან ხდება. როგორც წესი, ევროკავშირის თესლი ქართულ ბაზარს უმაღლესი ხარისხის კარტოფილით უზრუნველყოფს. კერძოდ, ქართველი ფერმერები, რომლებიც სათესლე კარტოფილის იმპორტს მიმართავენ, აცხადებენ, რომ ხარისხიან კარტოფილზე მოთხოვნა მაღალია და მასში კარგადაც იხდიან.

თუმცა, EastFruit-ის მონაცემებით, ევროკავშირის თესლიდან მიღებული მაღალი ხარისხის პროდუქცია კარტოფილის მთლიან წარმოებაში, როგორც წესი, დიდ წილს არ იკავებს. კერძოდ, 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე საქართველოში, დაახლოებით, 1800 ტონა სათესლე კარტოფილი შემოვიდა. კილოგრამ თესლზე 10 კილოგრამ სასურსათო კარტოფილს პროგნოზირებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ამ მოცულობას მაისის იმპორტიც დაემატება, იმპორტირებული თესლიდან მოსავლიანობა 18 000 ტონას გადააჭარბებს, კარტოფილის მთლიანი წარმოება კი ქვეყანაში, ჩვეულებრივ, 200 000 ტონას შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...