Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ვაშაძის ძმა უარყოფს, რომ აღმაშენებლის გამზირზე „ქოლცენტრი“ აქვს


თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

როგორც გაირკვა, აღნიშნულ შენობაში 25%-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე ფლობს. მისი თქმით, მას მხოლოდ შენობის მეორე სართული ეკუთვნის, სადაც სასტუმრო აქვს გახსნილი, დანარჩენი ფართის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს.

„მე ვფლობ ამ შენობაში 25%-ს და ჩემი წილი არის რეალიზებული მეორე სართულზე სასტუმროში, რომელიც არის ჩემს საკუთრებაში 100%-ით. შპს „თბილისი თაიმსი“ არის ასევე ჩემი კომპანია და დაახლოებით, 7 წელია აქ სასტუმრო მაქვს. შესაბამისად, სხვა ფართებთან მე საერთოდ შეხება არ მაქვს და ვერ მაქვს. ასეთი გადანაწილება არის, რომ ეს ნაწილი არის ჩემი, რაზეც პასუხისმგებელი ვარ, სხვებზე ვერც ვერთვები. ამიტომ, მე ინფორმაცია არ მქონდა. დისტანციურად ვმართავ სასტუმროს, სეზონიც დაბალია და შესაბამისად, როცა აქ მოვდიოდი, ზემოთ საერთოდ არც ვიცოდი თუ გახსნილი იყო[რამე]“, – განაცხადა დავით ვაშაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.

რაც შეეხება „პრაიმტაიმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნულ შენობაში „ქოლცენტრი“ გიორგი ვაშაძესა და უკრაინის მმართველი პარტიის ლიდერს, დავით არახამიას ეკუთვნით, დავით ვაშაძის თქმით, ეს შეუძლიათ შესაბამისმა უწყებებმა გამოიძიონ.

„მოდით, გამოვიძიოთ. ზოგადად, ეს საკითხი მთელ ქვეყანას აწუხებს და ჩემთვისაც ძალიან შემაწუხებელია. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრ უცხოელთან მაქვს ურთიერთობა და ჩვენს ქვეყანას ძალიან აქვს სახელი ამის გამო გაფუჭებული. ჩემი აზრით, კარგი იქნება გამოიძიონ შესაბამისმა სტრუქტურებმა, პარლამენტშიც არის ინიცირებული საგამოძიებო კომისია და ამ „ქოლცენტრიდან“ დაიწყონ, შეისწავლონ, ვის აქვს რამე შეხება“, — განაცხადა დავით ვაშაძემ.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...