მიხეილ სარჯველაძე - როცა ირაკლი კობახიძემ განცხადება საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევის თაობაზე გააკეთა, საუბარი იმაზე იყო, რომ საქართველოს სტატუსზე გადაწყვეტილება შარშან დეკემბერში უნდა მიეღოთ - როცა თარიღმა გადაინაცვლა, მან გარკვეული კორექტივები შეიტანა
როდესაც ირაკლი კობახიძემ განცხადება საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევის თაობაზე გააკეთა, საუბარი იმაზე იყო, რომ საქართველოს სტატუსზე გადაწყვეტილება შარშან დეკემბერში უნდა მიეღოთ. როდესაც თარიღმა გადაინაცვლა, მან გარკვეული კორექტივები შეიტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღეს აქტუალური არ არის.
„5%-იანი ბარიერის წინააღმდეგ ის პარტიები გამოდიან, რომელიც შეშფოთებული არიან, რომ ჯამში, მათი მთლიანი მხარდაჭერა 5%-ს არ აჭარბებს. ეს ის მოცემულობაა, რასაც ანგარიში უნდა გაეწიოს. თავად ეს გარემოება მეტყველებს მათი არგუმენტების ავ-კარგიანობაზე.
როდესაც საარჩევნო ბარიერის საკითხზე ვმსჯელობთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ძალიან ბევრი გარემოება და არა კონკრეტული პარტიების ძალიან მწირი მხარდაჭერა საზოგადოებაში. გასაგებია იმ პარტიის გულისტკივილი, რომელსაც 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, რადგან მას პარლამენტში მოხვედრა უნდა და წინ ეღობება სამართლებრივი წესრიგი, ბარიერი და ასე შემდეგ. მაღალ ბარიერს თავისი დადებითი მხარეები აქვს - როდესაც კონსტიტუციაში ეს ნორმა ჩაიდო, გარკვეულ გათვლებს ეფუძნოდა.
ბარიერის დაწევის საკითხი დღეს აქტუალური არ არის და სჯობს ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდეთ, როდესაც საამისოდ უკეთესი პირობები იქნება. უკეთესობაში ერთადერთ რამეს ვგულისხმობ - როცა საკითხი საზოგადოებაში რადიკალიზაციის მიზნებისათვის არ იქნება გამოყენებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
გასული წლის ივლისში ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებები გაატაროს და 2024 წლისა და ყველა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5%-დან 2%-მდე დაწიოს, თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
"დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე", - განაცხადა გასული წლის შემოდგომაზე ირაკლი კობახიძემ.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.