შალვა ალავერდაშვილი - თბილისის სასტუმროებში რუსეთიდან შემოსული ტურისტების წილი 3%-ს არ აღემატება, შესაბამისად, მე ამ ხალხს ტურისტს არ ვეძახი - ესენი არიან ადამიანები, ვინც აქ ჩამოდიან და რჩებიან, ეს გადასასინჯია, სხვა კლასიფიკაცია უნდა მივანიჭოთ
სასტუმროებში რუსეთიდან შემოსული ტურისტების წილი 3%-ს არ აღემატება თბილისში, შესაბამისად, მე ამ ხალხს ტურისტს არ ვეძახი. ესენი არიან ადამიანები, ვინც აქ ჩამოდიან და რჩებიან. ეს გასასინჯია, სხვა კლასიფიკაცია უნდა მივანიჭოთ, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ასევე „დაუჯერებელია“ მონაცემები იმის შესახებ, რომ საქართველომ მარტში უკრაინიდან 20 ათასი ტურისტი მიიღო. აღნიშნულ კონტექსტში, ალავერდაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები და გამიჯვნაა საჭირო ამჟამად არსებულ სტატისტიკაში.
„საკმაოდ რთული პირველი კვარტალი გავიარეთ. ჩვენდა სამწუხაროდ, გლობალურად ომის გამო, ჩვენთან ევროპელი ტურისტების ჯგუფური ჯავშნები თითქმის არ ხდება, თითზე ჩამოსათვლელია. ევროპიდან შემოდიან ინდივიდუალური სტუმრები. ჩვენი სტაბილური პარტნიორია ისრაელი.
დივერსიფიკაციიდან გამომდინარე, რუსეთიდან ტურისტებს არ ველოდებით, ნაკლები იქნება. რა თქმა უნდა, უკრაინიდან ტურისტები არ არიან, თუმცა, სტატისტიკაში უკრაინიდან ჩამოსული 20 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა. სტატისტიკაში ყველა ის ადამიანი აღირიცხება, ვინც საზღვარგარეთიდან შემოდის და 24 საათზე მეტი რჩება ქვეყანაში. შესაბამისად, გჯერათ, რომ 20 ათასი ტურისტი მივიღეთ უკრაინიდან მარტის თვეში?
გასამიჯნი გვაქვს სტატისტიკა. სტატისტიკის მიხედვით, ტურისტულ სექტორში საკმაოდ დიდი შემოსავლები მივიღეთ და რუსეთი არის პირველ ადგილზე. არ დაგეთანხმებით, სასტუმროებში რუსების წილი რეალურად პირველ კვარტალში 3%-ზე მეტი არ იყო. სასტუმროების დატვირთვიდან გამომდინარე სასტუმროებში რუსეთიდან შემოსული ტურისტების წილი 3%-ს არ აღემატებოდა თბილისში, შესაბამისად, მე ამ ხალხს ტურისტს არ ვეძახი. ესენი არიან ადამიანები, ვინც აქ ჩამოდიან და რჩებიან. ეს გადასასინჯია, სხვა კლასიფიკაცია უნდა მივანიჭოთ“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონს, მისი თქმით, ტურისტების მიერ უკვე ბევრი ჯავშანია გაკეთებული.
„ზაფხულის სეზონს ძალიან კარგს ველოდებით, ბევრი ჯავშანიც გვაქვს. განსაკუთრებით ივლისის თვე იქნება პიკური, რადგან დღეში თითქმის 30 რეისამდეა დაგეგმილი, ბათუმშიც თბილისშიც, მთაშიც და ბარშიც. წელს 60-65% საქართველოს დატვირთვას „გალფის ქვეყნები“ (სპარსეთის ყურის ქვეყნები) შეავსებენ“,- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.