გადმოდით დაბურულმინებიანი ,,პრადოებიდან"
ინტერვიუ მოძრაობა ,,ეროვნულების" ლიდერ სანდრო ბრეგაძესთან
,,ახალი ხელისუფლება არის დაკომპლექსებული. ამ ტიპებმა, ანუ ,,ნაციონალებმა" იმდენს მიაღწიეს, რომ ესენი დააშინეს. უკვე ფიქრობენ, ვაიმე, ისეთი რაღაცა არ წამოგვცდეს, რაც ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოტრიალდებაო...არა, რაა, ამათი კოჰაბიტაცია გადაიზარდა უკვე ძალიან ცუდ ტენდენციაში. მე უკვე მიჩნდება განცდა, რომ პრემიერ–მინისტრი ვიღაცებს სპეციალურად ჰყავთ იზოლაციაში, საინფორმაციო ვაკუუმში. ეს კეთდება შეგნებულად და არ დამთავრდება კარგად. ვანო მერაბიშვილი და სხვები რომ პოლიტიკურ ოპონენტებად გადაიქცევიან, რა გინდა, რომ გააკეთო?ქართველი ხალხი მაგათ პოლიტიკურ ინტრიგებს ვერ გადაჰყვება. მე ვაცალე, მეგონა, წესიერად მოიქცეოდნენ და ქვეყანას მიხედავდნენ. მე ახლა მივმართავ ახალი ხელისუფლების წევრების უმრავლესობას: გადმოდით დაბურულმინებიანი ,,პრადოებიდან", გამოდით ქუთაისისა და თბილისის რესტორნებიდან, გადით ხალხში, რომელმაც თავისი ბრძოლით მოიტანა პირველი ოქტომბერი. თქვენს გვარებს ნუ დამასახელებინებთ, ოქტომბრამდე ზოგიერთი თქვენგანი ემსახურებოდით სააკაშვილ–მერაბიშვილის რეჟიმს, ჩირგვებში იყავით ჩამალულები. ახლა გებოძათ ისეთი თანამდებობები, რომელსაც ფერად სიზმარშიც ვერ ნახავდით. დღეს რომელიმე მინისტრთან ან პარლამენტართან დალაპარაკება რომ დაგჭირდეს, ისე არიან დამალულები, კარგი მაძებარი ძაღლიც კი ვერ იპოვის, გაზულუქდნენ. ძალიან ცდებიან, მათი ასეთი საქციელი აუცილებლად გამოიღებს საშინელ შედეგებს! ერთი ჩაატაროს ბიძინა ივანიშვილმა ექსპერიმენტი, აიღოს ტელეფონი და უცხო ნომრით დაურეკოს თავის მინისტრებს, ან პარლამენტარებს, თუ ვინმე უპასუხებს, იმასაც ვნახავთ. ტელეფონს საერთოდ არ აიღებენ, გაუთიშავენ. ამათ არა მხოლოდ გაასწრეს ,ნაციონალებს", არამედ უკვე დაემსგავსნენ კომუნისტების დროინდელ ჩინოვნიკებს. ბიძინა ივანიშვილმა საიდან უნდა იცოდეს, ამა თუ იმ სამინისტროში რას აკეთებენ დეპარტამენტების უფროსები?"
(,,ალია"N47; ავტორი:გელა ზედელაშვილი)
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.