,,ახლა გორში არის ასეთი სიტუაცია - ფერმერები ვაშლს ყრიან, მაგრამ იმპორტით ვაშლი მაინც შემოდის" - ასოციაცია
ახლა გორში არის ასეთი სიტუაცია - ფერმერები ვაშლს ყრიან, მაგრამ იმპორტით ვაშლი მაინც შემოდის - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა" და „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.
ცნობისათვის, 2023 წლის 3 თვეში საქართველომ 415.7 ათასი აშშ დოლარის 1 002 ტონა ვაშლი იყიდა. აქედან, 722 ტონა თურქეთიდან.
„თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ჩვენ აბსოლუტურად ყველა პროდუქტი შემოგვაქვს. ახლა გორში არის ასეთი სიტუაცია - ფერმერები ვაშლს ყრიან, მაგრამ იმპორტით ვაშლი მაინც შემოდის. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი შემნახველი და სამაცივრე მეურნეობები არ არის განვითარებული, ისევე, როგორც არ არის დანერგილი ახალი ჯიშები. ახალი ტექნოლოგიებით არ ხდება პროდუქციის მოყვანა, შეფუთვა და შენახვა. ეს იწვევს ჩვენს მაღალ იმპორტდამოკიდებულებას.
გარკვეული პროგრამები ნამდვილად აქვს სახელმწიფოს, მაგრამ ეს არის მცირე რაოდენობა. სამუშაო კი, ბევრად დიდი მოცულობისაა. თვითონ სახელმწიფომ აუცილებლად ხელი უნდა შეუწყოს იმ კუთხითაც, რომ რაღაც მიმართულებებში იმპორტის შეზღუდვა აუცილებელი ხდება ხოლმე. პროტექციონიზმი მესმის, რომ არაპოპულარულად ჟღერს, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე სასურსათო უსაფრთხოებაა", - ამბობს ბეჟიტაშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.