დისკრედიტაციული სოცანგარიშები გამოძიებას საჭიროებს - NGO-ები პარლამენტს
12 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
საქმე ეხება Facebook-ის მფლობელი კომპანიის, META-ს, მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმად, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო კომპანიამ Facebook-ის 80 ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და ინსტაგრამის 2 ანგარიში წაშალა. წაშლილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჯგუფები და სხვა პროსახელისუფლებო ანგარიშები.
„საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დეკლარირებულ ძირითად ამოცანას მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ კუთხით უმთავრესია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ META-ს გამოძიების თანახმად, დეპარტამენტი, დეკლარირებული მიზნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის ფარულ ოპერაციებშია ჩართული.
ვითვალისწინებთ რა ზიანის მასშტაბს, რასაც საქართველოში დეზინფორმაციული სქემები შეიძლება ქმნიდნენ, ჩვენ, „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ანგარიშში მითითებული დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს“, – ნათქვამია განცხადებაში.
META-მ მთავრობის მიერ დაფინანსებული ანგარიშები გუშინ, 3 მაისს, წაშალა. კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ საკუთარი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, META-ს გამოძიებამ „აღმოაჩინა კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან“.
მათ გამოავლინეს არაავთენტური ქცევის ათობით მომხმარებელი და ჯგუფი, რომელიც ჩართული იყო საქართველოში პროსახელისუფლებო გზავნილების პოპულარიზაციასა და ოპოზიის კრიტიკაში, განსაკუთრებით ე.წ. უცხოური გავლენის აგენტებზე კანონის მიღებისას დაწყებული აქციების დროს.
Meta-ს განცხადებით, მათ წაშალეს 80 Facebook-მომხმარებელი, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 Instagram-მომხმარებელი. ქსელი იყენებდა Facebook-ს, Instagram-სა და TikTok-ს და ცდილობდა გაეზარდა თავიანთი მასალების გავრცელება, მომხმარებელთა ჩართულობა და პოპულარობა.
Meta-ს ანგარიშის მიხედვით, Facebook-თან ერთად ქსელში იყო ჩართული სამი TikTok-ანგარიშიც, ორი მათგანი კი პოზიციონირებდა, როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული ანგარიში.
ასევე Meta-ს განცხადებით, ქსელს 33 500 დოლარი ჰქონდა დახარჯული Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამირებაში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.