„არ გამოვრიცხავ, მოლოტოვის კოქტეილით ვიხილოთ თბილისში“ — კალაძე ვიოლა ფონ კრამონზე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვიოლა ფონ კრამონი ან რომელიმე ევროპარლამენტარი „არ არის ევროპა“.
„ამ ადამიანებს, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკებიან, საერთოდ ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ერთეული ევროპარლამენტარის განცხადებებიც მინდა აქ შემოვიტანო. მართლაც შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რასაც ეს ადამიანები კადრულობენ. იგივე ოპოზიციის მიტინგებზე მისვლა… იმ ქალბატონის სახელი არ მახსოვს…“ — თქვა კალაძემ „იმედის“ ეთერში.
წამყვანებმა მას შეახსენეს ვიოლა ფონ კრამონის სახელი. ევროპარლამენტარი 1-ელ აპრილს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.
„მე გულწრფელად ვამბობ, არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება, მოლოტოვის კოქტეილით ვიხილოთ დედაქალაქში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს. არც ეს ქალბატონი — გვარი არ მახსოვს — ვიოლა არ არის ევროპა და არც რომელიმე ევროპარლამენტარი“, — დასძინა კალაძემ.
მმართველი გუნდი მუდმივად აკრიტიკებს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია, თუმცა კრიტიკული პოზიციებით გამოირჩევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი, ისევე როგორც წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.
ცოტა ხნის ვიოლა ფონ კრამონმა ისაუბრა საქართველოში მის წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე და თქვა, რომ ქართველმა „ტროლებმა“ რუს „ტროლებსაც“ კი აჯობებს. ასე გამოეხმაურა იგი მტკიცებას, თითქოს ფონ კრამონი ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნის, ჰერმან გერინგის შთამომავალია, და ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოს, რომელშიც თითქოს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.
ფონ კრამონი ხაზს უსვამს, რომ ამ ყალბ ინფორმაციას „ძირითადად“ მმართველი პარტიის მხარდამჭერები აზიარებენ და ეჭვობს, რომ ფეიკების დამკვეთი, სავარაუდოდ, სწორედ მმართველი გუნდია.
ევროპარლამენტარი „ქართული ოცნების“ პარტნიორი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფიდან ტეის რეიტენი (ნიდერლანდები) მიუღებლად მიიჩნევს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე თავდასხმებს.
„ასეთი საზიზღარი თავდასხმა ვიოლა ფონ კრამონზე, საქართველოს ევროპული მომავლის უდიდეს მხარდამჭერზე, მიუღებელია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. ქართველებს ეს უნდათ. ამიტომ საქართველოს ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ამის წინააღმდეგ მუშაობა“, — აცხადებს ევროპარლამენტარი ტეის რეიტენი.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.