Jump to content
Planeta.Ge

როგორ დანერგეს ჩხოროწყუს სკოლაში ექსპერიმენტული სასკოლო კვება


1 ლარი და 60 თეთრი დაუჯდა აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლას [მდებარეობს ჩხოროწყუში] ერთი პირველკლასელის გამოკვება.

ექსპერიმენტის სახით სკოლამ უზრუნველყო 1 კვირის განმავლობაში 24 პირველკლასელის უფასო კვება – მენიუში შედიოდა როგორც ბოსტნეული, ასევე ხილი და ბურღულეული.

ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მელორ ცქვიტაია, რომელიც ამ იდეის ერთ-ერთი განმახორციელებელია, ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ჯამში, 1 კვირის პროდუქტები დაახლოებით 211 ლარი დაჯდა, რაც სკოლის სამეწარმეო კლუბმა დააფინანსა.

ჩხოროწყუს გამოცდილება

მელორ ცქვიტაია, რომელიც მასწავლებლის არაერთი პრიზის მფლობელი და „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტია, გვიყვება, რომ სკოლებში კვების საკითხებით მაშინ დაინტერესდა, როდესაც „განათლების კოალიციის“ ტრენინგებს დაესწრო. მასწავლებელი ამბობს, რომ სანამ უფასო კვების ექსპერიმენტს ჩხოროწყუში ჩაატარებდნენ, მან ბევრი სხვა ქვეყნის გამოცდილებაც შეისწავლა.

რაც შეეხება თანხებს, პროდუქტებისა და ერთჯერადი თეფშების ჯამურმა ხარჯმა დაახლოებით 211 ლარი შეადგინა, თანხა კი სკოლის სამეწარმეო კლუბმა დაფარა. სამეწარმეო კლუბში სხვადასხვა ნივთები იქმნება, მათ შორის, როგორც მასწავლებელი განმარტავს – ეკოჩანთებიც. ამ ნივთების გაყიდვის შედეგად მობილიზებული თანხებით კი სკოლის სხვადასხვა პროექტი ფინანსდება – „მაგალითად, შარშან 1500 ლარი ავაგროვეთ უკრაინელი ბავშვებისთვის“.

ეს არის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ განხორციელებული ამბავი – ჩემი, როგორც მასწავლებლის ფასილიტატორებით. ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარეთ. მასში ამ ეტაპზე მხოლოდ პირველი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ – 24 ბავშვია კლასში. რომ ვიანგარიშოთ, დაახლოებით 1.6 ლარი გვიჯდება ერთი ბავშვის კვება. მანამდე მე, როგორც მასწავლებელმა, ჩავატარე კვლევა – საჭიროა თუ არა სასკოლო კვება. ჩავრთე როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები. გაკეთდა ფოკუს ჯგუფები. ამ მოკვლევის დროს მხოლოდ 2-მა მონაწილემ შეიკავა თავი, დანარჩენმა ყველამ განაცხადა თანხმობა და თქვა, რომ აუცილებლად საჭიროა სასკოლო კვება.

ბავშვების ჯანსაღი კვების პრობლემა არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში დგას. ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ ჯანსაღი კვება, რადგან ძირითადად არაჯანსაღ პროდუქტებს იღებენ – მაგალითად, „ჩიფსები“, ბევრი ცომეული და სხვა. მათ ყოველდღიურ მენიუში ხშირად არ არის ის საკვები, რომელიც საჭიროა ბავშვის სწორი ჩამოყალიბებისთვის“, – ამბობს მელორ ცქვიტაია.

სხვა მიზნებთან ერთად, უფასო კვების ამ ექსპერიმენტს უთანასწორობისა და უხერხულობის აღმოფხვრა სურდა ბავშვებს შორის, რადგან ზოგს სკოლაში საკვები დააქვს, ზოგი კი ამას ვერ ახერხებს.

მასწავლებლის თქმით, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში ბუფეტი არ არის, შესაბამისად, ყველაზე ოპტიმალური ფორმატი სკოლისთვის ე.წ. ლანჩბოქსები ანუ „სადილის ყუთებია“.

„მშობლებიც გვეხმარებიან საჭმლის მომზადებაში – მონაწილეობას იღებენ მოსწავლეთა თვითმმართველობის და სამოქალაქო კლუბის წევრებიც”, – გვიყვება მელორ ცქვიტაია.

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ სკოლაში კვების პროგრამა 1 კვირას გასტანდა, თუმცა, მშობლებისა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის წყალობით, მასწავლებელი ამბობს, რომ ბავშვებს წლის ბოლომდე უზრუნველყოფენ საკვებით – „თუ ყოველდღიურად არა, კვირაში 2-3-ჯერ მაინც წლის ბოლომდე პირველკლასელთათვის გარანტირებულად გვაქვს საკვები“.

„ეს, რა თქმა უნდა, საცდელი ექსპერიმენტია. ჩვენი მიზანია დავანახოთ საზოგადოებას, რომ ეს შესაძლებელია. აქ არამარტო კვების ასპექტია, მე, როგორც მასწავლებელმა, დავაფიქსირე სხვა რაღაცაც: ერთმა ბავშვმა ჭამისას გადაულაპარაკა მეორეს – შენც გიყვარს სტაფილოო? მეორემ უპასუხა, კი, მეც მიყვარს და მაშინ უფრო მეტად ვიმეგობროთო.. შევამჩნიე, რომ ბავშვები ასე უკეთ სოციალიზდებიან.

რაც შეეხება მენიუს, არსებობს კვების სახელმწიფო დღიური სტანდარტი – იქ დათვლილია გრამები და საჭირო პროდუქტები, ასევე, სხვადასხვა სპეციალისტს ვესაუბრე და ასე შევადგინეთ რაციონიც“, – აცხადებს მასწავლებელი.

„ხშირად მასწავლებლები ბრაზდებიან: ბავშვები ისწავლიან გაკვეთილს და ერთი კვირის შემდეგ აღარ ახსოვთ. მეც გავბრაზებულვარ… შემდეგ მივხვდი, რომ ეს ბავშვის ბრალი არ არის. ხშირად იმიტომაც ვერ იმახსოვრებენ მასალას, რომ კვების პრობლემა აქვთ – ტვინს სჭირდება შესაბამისი ნივთიერებები, რომელიც ხელს შეუწყობს აზროვნებას და ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, ეს არაჯანსაღი კვების ბრალია და არა მათი სიზარმაცის ან მონდომების ნაკლებობის. ესეც ერთ-ერთი მამოტივირებელი ელემენტი იყო, რომ ეს [ინიციატივა] წამოგვეწყო”.

melori2.jpg

მელორ ცქვიტაია. ფოტო: პირადი ფეისბუკი

კითხვაზე, ხომ არ გამოხმაურება სკოლის ამ გამოცდილებას განათლების სამინისტრო, მელორ ცქვიტაია განმარტავს, რომ აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლა, რომელიც ამჟამად ჩხოროწყუში ფუნქციონირებს, აფხაზეთის ა/რ-ის განათლების სამინისტროს ექვემდებარება, რომლისგანაც მხარდაჭერას გრძნობენ.

„სამინისტრო ჩვენ გვერდითაა. მორალურად გვამხნევებს, ასე ვთქვათ. ქვეყანაში მზადდება კლიმატი, რომ სახელმწიფომ დაიწყოს ბავშვთა [სასკოლო] კვება. მოხარული ვიქნები, თუ ამას განახორციელებენ. უკვე ორი წელია, პროგრამა იწერება, ოღონდ ცოტა დაჩქარება სჭირდება ამ პროცესს. ყველა მშობელი, მასწავლებელი ამ პროცესის დაჩქარებას ნამდვილად მიესალმება.“

უფასო სასკოლო კვების შეუსრულებელი დაპირება

უცნობია, როდის დანერგავს სახელმწიფო სკოლებში უფასო კვების პროგრამას, რომელზეც წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც მუშაობს.

ასევე უცნობია, უფასო კვების რა მოდელს შეარჩევს სახელმწიფო და რა დაუჯდება ის. სკოლებში უფასო კვების დანერგვის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოა შექმნილი. არც საბჭოსგან და არც სამინისტროსგან საზოგადოებას ამ დრომდე არ მიუღია პროგრამის შესახებ დეტალური გეგმა.

„ხმა“ სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც სკოლებში უფასო კვების პროგრამას ლობირებს. დეკემბერში მოძრაობამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, წლიურად სკოლებში კვება, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, ბიუჯეტს  დაახლოებით 198 მილიონი ლარი დაუჯდება.

 

 

Screenshot-2023-01-27-at-16.05.36.png

ფოტო: სქრინშოტი „ხმის“ გაანგარიშებიდან

წალენჯიხაში, რომელიც საქართველოში ერთადერთი მუნიციპალიტეტია ოპოზიციონერი მერით, უკვე ჩაეშვა სკოლაში მოსწავლეთა კვების პირველი, საპილოტე ვერსია. პროგრამა ჯერჯერობით მხოლოდ პირველკლასელებისთვის არის განკუთვნილი.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...